ადამიანები ისტორიები

ომარ ლალიანცი – კაცი, რომელიც 45 წელია, გორის სტადიონის სამსახურშია

ომარ ლალიანცი 1976 წლიდან თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მხაზველად მუშაობს. ადამიანს, რომელსაც თითოული მატჩის წინ მინდვრის მოწესრიგება ევალება, წელს სტადიონზე მუშაობის 45 წელი შეუსრულდა.

ომარ ლალიანცი 1953 წელს დაიბადა, ამბობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულებისა და დაოჯახების შემდეგ, მეგობარი დასაქმებაში დაეხმარა და ასე შემორჩა 45 წელი „დილას“ სტადიონის მხაზველად.

“იმ წლებში, როცა მე სტადიონზე სამუშაოდ მოვედი, გორში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც დღესაც ახსოვს გულშემატკივარს და დარწმუნებული ვარ, არც დაივიწყებს – თენგიზ ბურჯანაძე, ომარ ჭუჭყიანი, რევაზიშვილი, ნასყიდაშვილი, ხოხობაშვილი, ხორგუაშვილი, შუმახერა… იმ დროში, ადგილობრივ გუნდში სულ გორელი სპორტსმენები თამაშობდნენ, ახლა ცოტა სხვა რეალობაა, ბევრია ჩამოყვანილი ფეხბურთელი, უცხოელებიც, მათთან ურთიერთობა ენის ბარიერის გამო მიჭირს, თუმცა, გუნდი ერთი ოჯახია და ამდენი წელია, მე ამ ოჯახის წევრი ვარ.”

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონ

მაშინ, როცა საქართველო მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში იყო და დასაქმებულთა უმეტესობა, საკუთარ საქმეს, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე აკეთებდა, ომარ ლალიანცს თავისი საქმე არ მიუტოვებია.

მიუხედავად იმისა, რომ სახლში ოთხი შვილი ჰყავდა და სხვების მსგავსად, პურის რიგში დგომა მასაც საათობით უწევდა, სტადიონის ბალახის საფარს შეძლებისდაგვარად პატრონობდა და ყოველი თამაშის წინ ყველა ხაზს ზედმიწევნით ავლებდა.

გარდა ამისა, დახაზვამდე ხშირად თავადვე უწევდა ბალახის გათიბვა და მორწყვაც.

“ზუსტად აღარ მახსოვს, რომელ წელს, ან რომელ მატჩზე, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა 11-მეტრიანის ნიშნულის დახაზვისას შევცდი. როცა მსაჯმა გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ 11-ის ნაცვლად, 12 მეტრი იყო მონიშვნიდან კარამდე. ეს ხარვეზი ადვილად აღმოიფხვრა, მით უმეტეს, მაშინ „დილას“ ფეხბურთელმა დანიშნული პენალტი სწორედ 12 მეტრიდან გაიტანა. გასახსენებელი ძალიან ბევრი მაქვს, განსაკუთრებით იმ პერიოდიდან, ასე ვთქვათ, ძველი დროიდან, როცა მეც უფრო ახალგაზრდა ვიყავი. მთავარი, რაც მინდა გითხრათ ისაა, რომ მიყვარს ჩემი საქმე და სანამ ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას მომცემს, ვიმუშავებ იქ, სადაც ფაქტობრივად, ოჯახზე მეტი დრო მაქვს გატარებული.”

2017 წელს გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დროს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონის მთავარი მხაზველი ასევე ომარ ლალიანცი გახლდათ.

“იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სტადიონი კიდევ არაერთი საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი იქნება, სადაც სტადიონზე თამაშის დაწყებამდე მთავარ შტრიხებს სწორედ ომარ ლალიანცი გაავლებს” , – ამბობენ გორის საფეხბურთო კლუბში “გორი”.

17 აპრილს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე, ეროვნული ლიგის მატჩი გაიმართა, სადაც გორის „დილა“ ბათუმის „დინამოს“ მასპინძლობდა. მატჩის დაწყებამდე, ომარ ლალიანცის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა და სტადიონის მთავარ მხაზველს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ომარ ლალიანცის დაჯილდოება

დატოვეთ კომენტარი
ტეგები