კულტურის სამინისტროსა და მის 22 ორგანიზაციაში 252 ვაკანსიაზე ახალგაზრდებისათვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გაავრცელა.
სამინისტროს ცნობით, გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება 5 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით:
- გამნათებელი;
- ხმის ოპერატორი;
- ელ. შემდუღებელი;
- დურგალი;
- მკერავი.
“ანაზღაურებად (400-დან 650 ლარამდე), ისევე როგორც ანაზღაურების გარეშე პოზიციებზე, კანდიდატები შემდეგი საკონკურსო ეტაპების გავლის შედეგად შეირჩევიან: განაცხადების გადარჩევა, ტესტირება ან/და წერითი დავალება, გასაუბრება. კონკურსანტები შედეგების შესახებ ინფორმაციას თითოეული საკონკურსო საფეხურის დასრულების შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებენ,” – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სტაჟირების დაწყებიდან არანაკლებ ერთი თვის გასვლის შემდეგ, არაანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე მყოფი პირის შეფასების (დამაკმაყოფილებელი, კარგი, ძალიან კარგი) და უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორის თანხმობით მისი გადაყვანა შეიძლება ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე. ასეთ შემთხვევაში, სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე – www.hr.gov.ge კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში.