სტატიები

სასამართლო დავა თუ მოლაპარაკება? – რა მოაგვარებს ჩარიცხვის აპარატების ხარვეზებს გორში?

გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაუმართაობაზე საუბარი არ წყდება. მოქალაქეთა ნაწილის თქმით, ხშირად ფიქსირდება აპარატების ხარვეზები, რის გამოც სამგზავრო ბარათებზე თანხის ჩარიცხვა უჭირთ. ამის გამო კი, ისინი სატრანსპორტო ჯარიმებს იღებენ.

საკითხი ოპოზიციამ განსახილველად საკრებულოს სხდომაზე დააყენა. დეპუტატების თქმით, ხელისუფლებამ პასუხისმგებელ კომპანიას ვალდებულებების პირნათლად შესრულება უნდა მოსთხოვოს – საუბარია “თი ბი სი ფეი”-ზე, რომელთანაც გორის ტრანსპორტი სააგენტო თანამშრომლობს.

კომპანია, რომელმაც პრობლემა უნდა მოაგვაროს, ფაქტია ამას არ აკეთებს. ამით კი ხელშეკრულების პირობებს არღვევს. ამის გამო პასუხი არ უნდა მოსთხოვოს მერიამ? სად ჩანს თქვენი მიმართვები, რატომ არ არის უკვე სასამართლოში საქმე?”, – იკითხა სხდომაზე ანი ბალიაშვილმა, ენმ-ის წევრმა. 

საკითხზე საუბრისას, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მიშა გოგინაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით “თი ბი სი ბანკთან” მუდმივი კომუნიკაცია არსებობს. 

რამდენჯერმე მივმართეთ, რომ ყველგან დაედგათ. ზოგან დგამენ, ზოგგან გაფუჭებულია. ყოველკვირა გვაქვს დავა თიბისი ბანკთან, რომ მოაწესრიგოს აპარატები, რათა მოსახლეობას არ მოუწიოს ერთი უბნიდან მეორეში გადასვლა ჩასარიცხად. ჩვენ მივმართავთ, მაგრამ ეს არის კერძო კომპანია და მათი მოსაგვარებელია“, – ამბობს გოგინაშვილი.

რაც შეეხება სასამართლო დავის წამოწყებას, საკრებულოს თავმჯდომარეს თქმით, თუ საკითხი მოლაპარაკებით ვერ გვარდება, სხვა ზომების მიღებაა საჭირო. 

„ხელშეკრულებას თუ არღვევენ, უნდა დავაჯარიმოთ და არ უნდა მოვერიდოთ,“ – აღნიშნა მან.

დაჯარიმების ან სასამართლო დავის წამოწყების შესახებ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია გორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ტრანსპორტის სააგენტოს. როგორც ბოლოს “მოზაიკას” სააგენტოში უთხრა, “აპარატის ხარვეზი შესაძლებელია ნებისმიერ დროს წარმოიშვას”. 

ჩარიცხვის აპარატები ეკუთვნის “თი ბი სი ფეის”. როდესაც შემოდის შეტყობინება აპარატის ხარვეზზე, ჩვენ ავტომატურად მივმართავთ კომპანიას და ხდება შესაბამისი რეაგირება, თუმცა ტექნიკის ხარვეზი შესაძლებელია ნებისმიერ დროს წარმოიშვას. ჩვენი მხრიდან შეტყობინებისთანავე ხდება რეაგირება“, – გვითხრეს ტრანსპორტის სააგენტოში.

პრობლემის მოგვარების რა გზას აირჩევს გორის მერია და გაითვალისწინებს თუ არა საკრებულოზე გამოთქმულ მოსაზრებებს, ჯერჯერობით უცნობია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.