სტატიები

“USAID-ის დახმარებით გარემონტდა სკოლები, მივიღეთ ახალი ტექნიკა, ცოდნა და უნარები”

სკოლების რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, მასწავლებლების გადამზადება და მათვის ახალი შესაძლებლობების მიცემა, მოსწავლეთა ხელშეწყობა და სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერება – ამ მიზნებით, წლების განმავლობაში, პროექტები სწორედ ამერიკული დაფინანსებით ხორციელდებოდა. 

როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, USAID-ის პროგრამებმა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით, გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლა მოიცვა – მათ ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ნაწილს ახალი ტექნიკა გადაეცა, ნაწილში მოსწავლეთა ბიზნესპროექტები დაფინანსდა, თითქმის ყველა სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობები შეიქმნა, მასწავლებლებს კი ახალი ცოდნის და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცათ. 

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში 12 სკოლას ამშვენებს წარწერა “MCA”, რაც ნიშნავს, რომ სკოლის რეაბილიტაცია მოხდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში“, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი უფროსი. 

ტერმაკოზაშვილის თქმით, ამერიკული დაფინანსებების შეწყვეტა მნიშვნელოვანი საფრთხეა განათლების სისტემისთვის, რომლის დახვეწა, განვითარება და გაუმჯობესება სწორედ პარტნიორი ქვეყნის დახმარებით ხდებოდა. 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს საჯარო სკოლების გაუმჯობესების საკითხი, “მილენიუმის” პროგრამას ვეძახდით, ათასწლეულის ფონდის მიერ დაფინანსებული სკოლების სრული რეაბილიტაციის პროგრამას. ამ მხრივ ჩვენი რეგიონი ნამდვილად გამორჩეულია. გორსა და გორის მუნიციპალიტეტში 12 სკოლას ამშვენებს წარწერა “MCA – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ამერიკელ ხალხისგან”. წლების განმავლობაში ვხედავდი, რა ძალისხმევას დებდა, რა ფინანსები იხარჯებოდა ჩვენი ახალგაზრდების უკეთესი განათლებისთვის“, – ამბობს ტერმაკოზაშვილი. 

სკოლების რეაბილიტაციის გარდა, როგორც ტერმაკოზაშვილი ამბობს, ამერიკელი ხალხის დახმარებით, გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდებოდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც. 

“ცალკე უნდა აღნიშნოს ასევე “ჯიპრაიდი” დაწყებითი განათლების პროექტი, რომელიც ახსოვს ყველა საღად მოაზროვნე დაწყებითი კლასების მასწავლებელს. მაშინდელი მიღებულ გამოცდილებას ახლაც იყენებენ და უზიარებენ მოსწავლეებს. ის რესურსები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში სკოლებმა მიიღეს, დღემდე არსებობს და ყველა დაინტერსებულ ადამიანს შეუძლია ნახოს”. 

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი დირექტორის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 25 სკოლა მოიცვა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ, რომელიც ახალი ცოდნის მიღებასა და ეფექტიანი სწავლებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარებოდა მასწავლებლებს. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიკეთეები მიიღო მუნიციპალიტეტმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამით, რომელიც სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობებს აძლიერებდა და ახალგაზრდებში სამოქალაქო თვითშეგნებას ავითარებდა.

“ცალკე აღნიშვნის ღირსია სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომლის პარტნიორიც შიდა ქართლში იყო “ბილიკი.  დაახლოებით 12 წელია ეს პროექტი გრძელდება და შეეხო ყველა სკოლას ჩვენს მუნიციპალიტეტში, სადაც კი ოდნავი სურვილი გამოთქვეს და ინიციატივა გამოიჩინეს სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა. უამრავი სიკეთე ნახეს ბავშვებმა, დაწყებული მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებით, გაგრძელებული ბავშვების მიერ დაწერილი ბიზნესპროექტებისა, რომლითაც დაფინანსებები მოიპოვეს.”

ნანა ტერმაკოზაშვილის შეფასებით, ამ პროგრამების შეწყვეტა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სასკოლო ცხოვრებაზე. მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით, მისთვის გაუგებარია იმ ადამიანების რეაქცია, რომლებიც ამერიკული დაფინანსების შეწყვეტას სასიკეთო მოვლენად მიიჩნევენ. 

“იმის ნაცვლად, რომ წუხილი გამოეხატათ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საერთაშორისო დახმარების 90 დღით შეჩერებაზე, ზოგიერთი სიხარულისგან “აჭყლოპინდა”, თავად პრემიერ-მინისტრიც კი გახარებულია, სამთავრობო მედიებმა დაიწყეს ამ ფონდის “გაშავება”, რაც ძალიან გულსატკენია”. 

USAID-ის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ მასწავლებლებიც. ისინი საკუთარ გამოცდილებას აზრიარებენ და საუბრობენ იმ დადებით შედეგებზე, რომლებსაც მუშაობის პროცესში, სწორედ ამ პროგრამების დახმარებით მიაღწიეს. 

არც კი ვიცი მივაღწევდი, თუ არა ამდენ წარმატებას ჩემს მოსწავლეებთან ერთად, მივიღებდი თუ არა ამდენ სიკეთეებს, აღიჭურვებოდა თუ არა სკოლა ამდენი რესურსით, გაიხსნებოდა თუ არა ამდენი კლუბები, ჩატარდებოდა თუ არა ამდენი კონფერენციები, ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, ვითანამშრომლებდით თუ არა გორის მერიასთან, შემოვიდოდა თუ არა ბიზნესი სკოლაში, გავხდებოდით თუ არა კონკურსის გამარჯვებული ლიდერი სკოლა და მოვიპოვებდით საუკეთესო ტექნიკას ხიდისთავის საჯარო სკოლისთვის (პრინტერი, ნოუთბუქი, პროექტორი), გავხდებოდი თუ არა სამოქალაქო განათლების 2022 წლის საუკეთესო მასწავლებელი…“, – ამბობს მიმოზა ღოლიჯაშვილი, ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვან პროექტი, რომელიც USAID-ის დახმარებით განხორციელდა, სამოქალაქო განათლების პროგრამაა, რომელმაც მასწავლებლებს და მოსწავლეებს არაერთი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მისცა – ისინი აწყობდნენ დასუფთავების და გამწვანების აქციებს, კინო ჩვენებებს და დისკუსიებს, საქველმოქმედო ღონისძიებებს და სხვა ისეთ აქტივობებს, რომელთა მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარება იყო. 

არ ვიცი რამდენი საგანმანათლებლო პროგრამა უნდა ჩამოვთვალო, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოებას სხვადასხვა პერიოდში მნიშვნელოვანი სიკეთეები მიუღია. USAID-ის პროგრამამ უამრავ მასწავლბელს მოსწავლეს, დირექტორს და ზოგადად, სასკოლო საზოგადოებას მისცა შესახლებლობა განეხორცილებინა პოზიტიური ცვლილებები საქართველოს 11 რეგიონში“, – წერს სოციალურ ქსელში ლელა წურწუმია, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. 

მასწავლებლების ნაწილი იმედს იტოვებს, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოში განათლების სისტემის მხარდაჭერას და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. 

შეგახსენებთ, რომ  აშშ-ს ახალი პრეზიენტის გადაწყვეტილებით 90 დღით შეჩერდა საერთაშორისო დახმარების პროგრამა, მათ შორის საქართველოშიც. აღნიშნულ გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და განახცადა, რომ ბოლო წლებში ამერიკიდან შემოსული დახმარება ქვეყნის დესტაბილიაზაციას ხმარდებოდა.

“ქართული ოცნება” უკვე რამდენიმე წელია აკრიტიკებს და უკმაყოფილოა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების დახმარების სააგენტოს მუშაობით, რომელიც მსოფილიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში არაერთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზეც USAID მხარს უჭერს 35-ზე მეტ პროგრამას საქართველოში, მათ შორის შიდა ქართლშიც. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.