საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ამ დრომდე არ ჩასულა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის “მოუცლელია და ამხელა სამინისტროების მართვა ადვილი არ არის”.
“პრემიერი უახლოეს ხანში გვესტუმრება, სავარაუდოდ მე ვფიქრობ რომ ალბათ მოივლის საოკუპაციო ხაზთან. მოგეხსენებათ ადვილი არაა ამხელა სამინისტროების მართვა”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერი-მინისტრის პოსტს 2024 წლის 8 თებერვლიდან იკავებს.
რაზმაძე დღეს, 8 აგვისტოს ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელებთან ერთად 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალებთან მივიდა. მან ამჯერადაც, ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა.
“ჩვენი მტერია ვინც საქართველოს სუვერენიტეტში ერევა, ვინც საქართველოს შიდა საქმეებში ერევა… დასავლეთიდან უამრავი, ამერიკიდან უამრავი… ამერიკის პოზიცია „ვაფშე“ გაურკვეველია”, – განაცხადა რაზმაძემ.
რუსეთის კრიტიკას ერიდებიან “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებიც. გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ “ლანგრით მიართვა ტერიტორიები”.
“მე წარმოვადგენ მთავრობას რომელიც ორიენტირებულია თითოეულ მოქალაქეზე, უამრავი პროგრამით, მხარდაჭერით, განსხვავებით თქვენი ხელისუფლებისაგან, რომელმაც ლანგრით მიართვა… მე გიორგი სოსიაშვილი ავტორი ვარ ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიის”, -განაცხადა სოსიაშვილმა.