ახალი ამბები

გორის მერია ბაკურიანში საზაფხულო ბანაკის მოწყობას აპირებს – გამოიყო 90 000 ლარი

“საზაფხულო ბანაკი 2023”-ის მოწყობისა და სატრენინგო მომსახურების შესასყიდად გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ბანაკი  გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16-დან 20 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის იქნება. 

აღნიშნული მომსახურების შესასყიდად გორის მერიას 90 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, სატრენინგო კურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს: 

  • ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია;
  • ადგილობრივი თვითმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ადვოკატირება;
  • პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა;
  • ემოციური კაპიტალი;
  • პროექტების წერა.

“მომსახურება განხორციელდება 189 (ასოთხმოცდაცხრა) პერსონაზე, 3 (სამ) ნაკადად, თითოეულ პერსონაზე განკუთვნილი უნდა იქნას ტრანსპორტის მომსახურება, სასტუმროს მომსახურება (5 ღამე – 6 დღე) სამჯერადი კვებით, საკონფერენციო დარბაზით. მომსახურება განხორციელდება დაბა ბაკურიანში, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა ტრანსპორტირება შემდეგი მარშრუტით 3 (სამი) ნაკადად: გორი – ბაკურიანი, ბაკურიანი – გორი; თითოეულ ნაკადზე უნდა განხორციელდეს არანაკლებ 63 (სამოცდასამი) პერსონის ტრანსპორტირება”, – ნათქვამია სატენდერო მოთხოვნებში. 

ინფორმაციისთვის, საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში გასულ წელსაც მოეწყო, გორიდან აღნიშნულ ბანაკში კონკურსით შერჩეული 200 ახალგაზრდა გაემგზავრა.

დატოვეთ კომენტარი