ადამიანები ისტორიები

მასწავლებლობა, ხელოვნება და ქველმოქმედება – დარეჯან ბუზიაშვილის ისტორია

“ხელოვნების გაკვეთილზე შექმნილი ნამუშევრები შესაძლებელია ქველმოქმედების საწყისი გახდეს”, – ამბობს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად შექმნილი ნამუშევრები გაყიდა და აღებული თანხა ბავშვთა სახლს გადაურიცხა.

დარეჯან ბუზიაშვილი ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლაში ხელოვნებას უკვე 15 წელია ასწავლის. ის მოსწავლეებს საკუთარ ცოდნასთან და გამოცდილებასთან ერთად, სხვების დახმარების სურვილსაც უზიარებს.

“მეორე კურსის სტუდენტს რუისის სკოლაში ხატვის წრე მქონდა გახსნილი და ბავშვებს ვასწავლიდი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, შევქმენი ოჯახი,  2008 წლიდან კი ბრეთის მეურნეობის სკოლაში დავიწყე მუშაობა. ვხატავთ, ვძერწავთ, ქანდაკებებს ვქმნით, ჩვენი ნამუშევრები გვქონდა გატანილი გამოფენაზე, რომლებიც გავყიდეთ, შემოსული თანხა კი ბავშვთა სახლში გადავრიცხეთ”.

დარეჯანი სკოლის პერიოდიდან ხატავს, პროფესიის არჩევაც არ გაძნელებია. იცოდა, რომ მისი საქმიანობა ხატვასთან და სკოლასთან უნდა ყოფილიყო კავშირში, ამიტომ ფერწერის მასწავლებელი გახდა.

“სულ ვხატავდი, სკოლის ასაკიდან. თუ რაიმე დასახატი იყო, მასწავლებელი ყოველთვის მე მავალებდა, რადგან კარგად გამომდიოდა. ჩემს სკოლაში ახლაც არის შემონახული ჩემი ნამუშევრები. ვმუშაობ როგორც ფერწერულ ტილოებზე, ასევე გრაფიკაში. ნამუშევრები მაქვს გაყიდულიც და გაჩუქებულიც”, – აღნიშნავს დარეჯანი. 

მასწავლებელი ამბობს, რომ ხელოვანი ადამანისთვის მხოლოდ ერთი მიმართულება არ არსებობს, ამიტომ ბოლო პერიოდში ქსოვით არის დაკავებული. ქსოვს მაშინ, როდესაც ყოველდღიური საქმეებით იღლება.

“ცოტახნით ხატვაში პაუზა მაქვს, ახლა ქსოვაზე ვარ გადართული, ქსოვა დედამ შემასწავლა. სამი შვილიყავს. როდესაც პატარები იყვნენ, სულ ჩემი მოქსოვილი ტანისამოსი ეცვათ. ძალიან თუ ვარ გადაღლილი და დასვენება მინდა, ვიღებ საქსოვ ჩხირებს და ვიწყებ თვლების ამოღებას. ხშირად არც ვიცი, რას ან ვისთვის, მაგრამ ვქსოვ. ეს არის უდიდესი დასვენება და განტვირთვა, ეს საქმე მამშვიდებს და დაღლილობის შეგრძნებას მიხსნის”.

36 წლის დარეჯანს წინ დიდი გეგმები აქვს, რომელიც სკოლას და მოსწავლეებს უკავშირდება და ბედნიერია იმით, რომ საკუთარი საქმით სხვების გახარება შეუძლია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.