ადამიანები ისტორიები

როცა იმ სკოლის დირექტორი ხარ, სადაც სწავლობდი – დავით რაზმიაშვილის ისტორია

“სკოლის პერიოდში ბავშვური ოცნებით მიოცნებია, მე რომ დირექტორი ვიყო …”

ბრეთის საჯარო სკოლის დირექტორი ერთ დროს ამავე სკოლის მოსწავლე დავით რაზმიაშვილია. დავითი 32 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, დირექტორის პოსტს კი 2006 წლიდან იკავებს. 

დავითი პროფესიით მანქანათმშენებელი ინჟინერია. როდესაც სამხედროდან დაბრუნდა, გადაწყვიტა მუშაობა სკოლაში დაეწყო – იმ სკოლაში, სადაც თვითონ სწავლობდა. ამბობს, რომ 1991 წელს განათლების სისტემაში სპორტის მასწავლებლად შეაბიჯა და მას შემდეგ სხვა სამსახური არც ჰქონია.

ახსოვს სკოლაში მუშაობის პირველი წლები – ამბობს, რომ მაშინ მოსწავლეებს სკოლაში მისასვლელას კილომეტრების გავლა ფეხით უწევდათ.

“ჩვენ გვერდით სოფელში, სასირეთში არის 4 წლიანი სკოლა. მე-5 კლასიდან ბავშვები ჩვენთან აგრძელებენ სწავლას, იმ რთულ 90-იანებში, მოსწავლეებს 3 კილომეტრის გავლა ფეხით უწევდათ, ეს რთული იყო განსაკუთრებით ზამთარში. დიდი შალები ეხვიათ ხოლმე, რომ გზაში თბილად ყოფილიყვნენ და და ყინვას არ დაესუსხათ. რამდენჯერმე შემჩნეული მყავდა განსაკუთრებით მაღალი კლასის გოგონები, რომლებიც საკუთარ სილამაზეს უკვე აღიქვამდნენ, სოფელში რომ შემოდიოდნენ, როგორ იხსნიდნენ ამ შალებს. ეს საკითხი ისე მაწუხებდა, გავხდი თუ არა დირექტორი, პირველ რიგში სკოლის ბიუჯეტიდან გამოვყავი თანხები და ამ ახალგაზრდებისთვის ავტობუსი დავნიშნე”, – იხსენებს დავითი.

დავითის თქმით, სკოლაზე ზრუნვა მუდმივი პროცესია. 

“შემოვდგი თუ არა ფეხი, მას შემდეგ, საკუთარი ხელით ვაწესრიგებ სკოლის ინფრასტრუქტურას, მოედნებს. გავალამაზეთ სკოლის გარე და შიდა ფასადი და არ ვწყვეტ ამ მიმართულებით მუშაობას.”

ახლა მის სკოლაში 117 ბავშვი სწავლობს.  მიუხედავად მცირე კონტიგენტისა, როგორც დავითი ამბობს, სკოლა საკუთარი სახელის გატანას მხოლოდ საქართველოში კი არა, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც წარმატებით ახერხებს. 

“მე ამაყი ვარ, რადგან მყავს საუკეთესო სპორტსმენები, მხატვრები, ახალგაზრდები, რომლებიც გაცვლით პროგრამებში იღებენ მონაწილეობას და როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, აცნობენ ბრეთის სკოლას. ვერ გადმოვცემ, როგრ მაბედნიერებს ის, რომ ამ პატარა სკოლას ამხელა რესურსი აქვს და არ ჩამოვრჩებით არავის”, – აღნიშნავს დავითი.

დავითს სამომავლოდ სურს სკოლას საბუნებისმეტყველო ლაბორატორი ჰქონდეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.