ადამიანები ისტორიები

ეზოს დეკორატორი, რომელიც საყვავილეებს ქმნის – პაატა ეკალაძის ამბავი

პაატა ეკალაძე ქარელში დეკორატიულ საყვავილეებს ამზადებს. ამ საქმიანობით ის გასული წლის შემოდგომით დაინტერესდა.

პაატას თქმით, საყვავილეების დამზადება შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს.

“წლების განმავლობაში, ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი, შემდეგ თავი დავანებე და სახლში ყოფნის პერიოდში დავიწყე ამ ნივთების დამზადება. ჩემი ახლობელი აკეთებდა ეზოს დეკორაციებს, გადავწყვიტე, მეც მეცადა, გამომივიდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა”, – გვიყვება პაატა.

პაატა საყვავილეების დამზადების ტექნიკას გვასწავლის. ამბობს, რომ ყველა დეტალი ხელით მზადდება და ეს საკმაოდ რთულია.

“საყვავილეებს  ცემენტით ქვიშით და სპეციალური მინარევებით ვამზადებ. მყარი უნდა იყოს, შიგ რკინის ბადეა ჩაყოლებული, სიმკვრივე რომ ჰქონდეს. ბადეზე ვაშენებ ნელ-ნელა, ამას ყალიბით ვერ გააკეთებ, სულ ხელით ხდება დამზადება. ნამუშევარი იღებება ბოლოს, 4-5 – ჯერ მაინც უნდა გადაიღებოს და კარგად გაშრეს”, – ამბობს ის.

პაატა ძირითადად შეკვეთებზე მუშაობს.

“შეკვეთები ძირითადდ ემიგრანტებისგან მაქვს, ბევრ შეკვეთას ვერ ვიღებ, რადგან დროში გაწელილი საქმეა, მარტო ვმუშაობ და დღეში ერთი რომ გავაკეთო, ეგეც დიდი შედეგია. ზოგს ერთ დღეში ვამთავრებ, ზოგს ორი დღე სჭირდება. ამის მერე კარგად უნდა გამოშრეს, საღებავი რომ მიიღოს და ეფექტი ჰქონდეს”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.