ადამიანები ისტორიები

შვილის მძიმე დიაგნოზიდან ახალ პროფესიამდე – სოფო ნონიკაშვილის ამბავი

ქარელში მცხოვრები სოფო ნონიკაშვილი სპეციალობით დაწყებითი კლასების პედაგოგია, თუმცა წლების განმავლობაში მას სხვადასხვა პროფესიაში მოუწია შესაძლებლობების მოსინჯვა. 

სოფო ახლა ბებნისის საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებელია. ვიდრე პედაგოგად მუშაობას დაიწყებდა, მან საკუთარი შვილის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ფიზიკური თერაპია და მასაჟი შეისწავლა. ახლა ის საკუთართან ერთად სხვის შვილებსაც ეხმარება.

“ჩემი შვილის დიაგნოზის დადგენის შემდეგ მითხრეს, რომ ის ფეხზე ვერასოდეს ვერ გაივლიდა. მე ვთქვი, რომ ჩემი შვილი ფეხზე უნდა დამეყენებინა. გარდა სარეაბილიტაციო ვარჯიშებისა, რომელსაც ნეიროგანვითარების ცენტრში უტარებდნენ, მე სახლშიც ვავარჯიშებდი მას. ცენტრში რომ მიმყავდა, ექიმი მეუბნებოდა ხოლმე, სოფო წინ მოდის ბავშვი და სხვაგან ხომ არსად დაგყავსო. როდესაც გაიგო, მე ვავარჯიშებდი, მთხოვა გამევლო კურსები და არამხოლოდ ჩემს შვილს, სხვის ბავშვებსაც დავხმარებოდი. 17 წლის წინ ვარჯიშები დავიწყე, დაახლოებით 13 წლის წინ კი, სერტიფიცირებული მასაჟისტი გავხდი”– ამბობს სოფო.

სოფომ სკოლაში მუშაობა ჯერ ბიბლიოთეკარად დაიწყო. ამბობს, რომ ბავშვებთან და ლიტერატურასთან ურთიერთობა უყვარს და ამ პოზიციაზე მუშაობა მისთვის სასიამოვნოა.

“ბიბლიოთეკაში მუშაობას ახლაც ვაგრძელებ, რადგან მიყვარს ბავშვებთან და ლიტერატურასთაურთიერთობა. ვეხმარები მოზარდებს ლიტერატურის შერჩევაში, დავდივართ კონკურსებზე. სპორტის პედაგოგობით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული. გამომდინარე იქიდან, რომ ვარ ფიზიკური თერაპევტი და მასაჟისტი, ბავშვები ხშირად მოდიოდნენ ჩემთან ტერფის მრუდობით, სქოლიოზით. ამიტომ გადავწყვიტე, შევსულიყავი სკოლაში და ყურადღება მიმექცია ვარჯიშისთვის. წარმატებით ჩავაბარე გამოცდა და ასე აღმოვჩნდი სპორტის მასწავლებლად. ბიბლიოთეკაში მუშაობა დამეხმარა იმაში, რომ გამოცდა ჩამებარებინა, თან ვმუშაობდი და თავისუფალ დროს ვმეცადინეობდი”, – გვიყვება ის.

სოფოს სამომავლო გეგმები სკოლას უკავშირდება. ამბობს, რომ პროფესიულ ზრდას არ შეწყვეტს, მისი სურვილია ბიბლიოთეკაში კითხვის კლუბი შეიქმნას, სადაც ბავშვებს სხვადასხვა ლიტერატურას და ნაწარმოებებს გააცნობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.