ახალი ამბები

ტანა „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითით დათევზიანდა

“შიდა ქართლში, ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითით დათევზიანდა”, – ამ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, პოპულაციის აღდგენის მიზნით, მდინარე ტანას შენაკადებში აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითი გაუშვეს.

“მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს ადამიანის მინიმალური ჩარევით”, – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში. 

მათივე ცნობით, დათევზიანების პროცესში, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები 2022 წელს დაარსდა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები.

დატოვეთ კომენტარი