ადამიანები ისტორიები

ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეჭირვებული ადამიანების დახმარებას ცდილობს – ნათია იაკობაშვილის ამბავი

ქარელში, თამარმეფის #10 – ში მდებარე მარკეტი, შეჭირვებული ოჯახებისთვის პურს უფასოდ გასცემს.

აღნიშნულ ფართს 30 წლის ნათია იაკობაშვილი ამუშავებს, რომელსაც მამა და ბიძაშვილი ეხმარებიან. ნათია წარმოშობით ქვემო ხვედურეთიდანაა, პროფესიით ექთანია და კლინიკაში მუშაობს.

გვიყვება, რომ ქველმოქმედება მისი ცხოვრების ნაწილია და ეს საქმე მას ბედნიერს ხდის. 

“ბევრი ფული არ მაქვს, მაგრამ რისი შესაძლებლობაც მაქვს, იმით სხვა ადამიანების დახმარება სიამოვნებას მანიჭებს.  მოვიკლებ და სხვას გავუნაწილებ. ქარელი პატარა ქალაქია და ვიცით, ვინ არიან შეჭირვებული ოჯახები, ამიტომ მათ პურს და საკვებს ვატან. ჩვენი მაღაზიის გვერდით ოჯახი ცხოვრობს, ამ ქალს მაღაზიაში ბავშვები არ მოჰყავს, ტკბილი ან სათამაშო რომ არ მოთხოვონ. ოჯახი მხოლოდ საჭირო და აუცილებელ პროდუქტებს ყიდულობს და ბავშვებისთვის ტკბილეულის ყიდვის ფუფუნება არ აქვს. ჩემი დამხმარე გავაგზავნე და ვუთხარი, რომ მოეყვანა ბავშვები და აეღოთ, რაც მათ უნდოდათ”, – გვიყვება ნათია.

ნათიას სურს, რომ შეჭირვებული ოჯახების დახმარება სხვა კვების ობიექტებმაც დაიწყონ. მას იმედი აქვს, რომ თანამოაზრეები გამოუჩნდება.

“ქარელში ბევრი მაღაზიაა. თითოეულმა რომ გადადოს მაგალითად 10 პური და შეჭირვებულ ოჯახებს გაუნაწილოს, ძალიან კარგი იქნება. კომპანიებმა, რომლებიც ქსელურ მარკეტებს ამარაგებენ, ვადის გასვლამდე არ მიიყვანონ პროდუქტი და ჩამოფასების ნაცვლად, ოჯახებს დაურიგონ. სულ ვფიქრობ ამ იდეაზე და მათ რატომ არ აფიქრდებათ, არ მესმის”, – აღნიშნავს ის.

ნათია შეჭივებულ ოჯახებს სახლშიც აკითხავს და რისი საშუალებაც აქვს, მიაქვს მათთან.

რითიც შემიძლია, ვეხმარები, პური, საკვები, ტანსაცმელი, სათამაშო. რამოდენიმე ადამიანს ანალიზების გაკეთებაშიც დავეხმარე. ოჯახებში რომ მივდივარ, ჩემი შვილიც თან დამყავს. მინდა ქველმოქმედების შესახებ იცოდეს და ეს ყველაფერი სიამოვნებას ანიჭებდეს. იცოდეს, რომ რაც აქვს, სხვასაც უნდა გაუნაწილოს, მათ ვისაც აკლია”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.