სტატიები

როდის დასრულდება ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობა და რატომ გაჭიანურდა სამუშაოები

“უკვე წლის ბოლოსთვის ხაშურის მოსახლეობა იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას შეძლებს”, – ამბობდნენ გასული წლის ზაფხულში იუსტიციის სამინისტროში.

ამ განცხადებიდან 8 თვის შემდეგ, სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. სამი თვის წინ, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ზაალ დუგლაძემ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და “ყველაზე ლამაზი იქნება”. 

“იუსტიციის სახლის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება და იგი იქნება ყველაზე ლამაზი. მე ნანახი მაქვს სხვა ქალაქების პროექტები და ხაშურის არის ყველაზე ლამაზი”, – აღნიშნა ზაალ დუგლაძემ.

ხაშურში იუსტიციის სახლის მშენებლობა 2021 წლის თებერვალში დაიწყო, თუმცა მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მისი დემონტაჟი დაიწყეს.

რა გახდა დემონტაჟის მიზეზი ? 

იუსტიციის სახლის მშენებლობა ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ “ალიანსი” დაიწყო, თუმცა მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, იუსტიციის სამინისტრომ სამუშაოები შეაჩერა აღმოჩენილი ხარვეზების გამო და აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება შეუჩერა. ხარვეზებით შესრულებული სამუშოების გამო, კი დაუსრულებული შენობის დემონტაჟი გადაწყდა. 

რა პოზიცია ჰქონდა შემსრულებელ კომპანიას ? 

კომპანიის “ალიანსი” სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სამართლებრივი დავა დაიწყო. 

“ამ ობიექტის ნგრევის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, ამას შეიძლება ჰქონდეს კორუფციული ნიშნები, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ შპს “ალიანსს” არანაირი ხარვეზი არ ჰქონია. ჩვენ არც ექსპერტიზის ჩატარების შესახებ და არც დანგრევის გადაწყვეტილების შესახებ ვიცოდით”, –  განაცხადა კომპანიის იურისტმა, შოტა კურტანიძემ. 

რა ეტაპზეა სამუშაოები ?

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურში იუსტიციის სახლის მშენებლობა გრძელდება, სამუშაოები გასულ თვეს განახლდა, თუმცა ენმ-ს წევრი, ხაშურის საკრებულოში, ეკატერინე პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის მშენებლობა შეჩერებულია.

“როგორც ვნახე, ამ მომენტისთვის მშნებლობის პროცესი შეჩერებულია, მიზეზი არ ვიცი, თუმცა ის დანამდვილებით ვიცი, რომ სხვა კომპანიამ გააგრძელა სამუშაოები, რადგან “ალიანსთან” სამართლებრივი დავა აქვთ”, – გვითხრა პაპუაშვილმა.

შენობის ასაშენებლად თავდაპირველად  4 284 952 ლარი იყო გათვალისწინებული, საიდანაც 1 334 317 ლარი შპს-ს “ალიანსი” უკვე გადაუხადეს.

რომელი კომპანია ასრულებს სამუშაოებს და როდის უნდა დასრულდეს ზუსტად სამუშაოები, ამის გარკვევა “მოზაიკამ” იუსტიციის სამინისტროში სცადა, თუმცა უწყებაში სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

დატოვეთ კომენტარი