ახალი ამბები

გორის მერია მოქალაქეებს დასუფთავების აქციაზე იწვევს 

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს ატყობინებს, რომ  წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციებით აღინიშნება.

უწყება მოქალაქეებს, მდინარეების ნაპირებთან და წყლის სხვა ობიექტებთან დაგეგმილ დასუფთავების აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. 

“შემოგვიერთდით. გორის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციებით აღინიშნება.  აქტივობები 22 მარტს მუნიციპალიტეტის მასშტაბით (ქალაქი გორი და ადმინისტრაციული ერთეულები) მდინარეების ნაპირებთან და წყლის სხვა ობიექტებთან გაიმართება”, – წერს მერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

უწყების ცნობით,  ღონისძიება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ განხორციელებული კამპანიიის „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში იმართება.

წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. საქართველოში სულ 26 060 მდინარე და 860 ტბაა. მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მარაგი დაახლოებით 18 000 მლნ. მ3-ია.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ წელს 22 მარტს აღინიშნება.

დატოვეთ კომენტარი