ახალი ამბები

გვინდა, თანამედროვე სტილში მოვაწყოთ, თუმცა არ ვივიწყებთ ძველსაც – ხაშურის მერია ზემო სერის ტყე-პარკზე 

„ეს პროექტი ძველის და ახლის სინთეზს წარმოადგენს, გვინდა, სივრცე თანამედროვე სტილში მოვაწყოთ, თუმცა, არ ვივიწყებთ ძველსაც”, – წერს ხაშურის მერია სოციალურ ქსელში ზემო სერის ტყე-პარკის სამშენებლო სამუშაოების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. 

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გარე განათებების, ფანჩატურის კონსტრუქციების, სარბენი და ველო ბილიკების მოწყობა, ასევე, მონტაჟდება სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სკამები, მაგიდები და ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები.

„განვაახლებთ ამფითეატრს, აღვადგენთ მცირე საკალათბურთო ტერიტორიას, პროექტის ფარგლებში, მოვაწყობთ სკეიტბორდის მოედანს და გვაქვს კიდევ უამრავი სიახლე, რაც ხაშურელი მოსახლეობისთვის სასიამოვნო იქნება, ვფიქრობთ, რეაბილიტირებულ ტყე-პარკს უამრავი სტუმარი ეყოლება და კომფორტულად დასვენებას შეძლებენ“, –  ვკითხულობთ მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, პროექტის პირველი ეტაპი, რომლის ღირებულებაც 803 897 ლარია, ერთი თვის ვადაში დასრულდება, მეორე ეტაპის ფარგლებში, პირველ რიგში, ამფითეატრის მშენებლობაა გათვალისწინებული.

დატოვეთ კომენტარი