ახალი ამბები

სოფლებში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ – ხაშურის მერია 

“ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს სოფლების მიმართულებით”, – გვითხრა ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა თათია ძინძიბაძემ. 

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სოფელ ცოცხნარიდან ქემფრამდე მისასვლელი გზის მოწყობის მეორე ეტაპი.

“პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე არხები, მილ-ხიდები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. ღირებულება კი 4 599 999 ლარს შეადგენს.”

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, თათია ძინძიბაძე გამოყოფს სოფელ ბულბულისციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებს. 

“მიმდინარეობს გზის მოწყობის მეორე ეტაპი. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მშენებლობა, გაკეთდება საგზაო ნიშნები და მონიშვნები. პროექტს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი ერთობლივად აფინანსებს, ღირებულება 1 307 999 ლარს შეადგენს.”

მერიის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოასფალტების სამუშაოები სოფელ ბრილში. 

“მიმდინარეობს სოფელ ბრილში გზის მოასფალტების მეორე ეტაპი. პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება და საგზაო მონიშვნების გაკეთება. სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ერთობლივად აფინანსებს, ღირებულება კი 1 864 241 ლარს შეადგენს.”

როგორც თათია ძინძიბაძე ამბობს, გრძელდება სოფელ გომში შიდა გზების მოწყობა და  იწყება სოფელ ალში ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც.

“ასევე, იწყება სოფელ ყიფიანთუბანში და ნაცარგორაში გზის მოწყობა. უკვე დასრულდა სოფელ ნაბახტევში გზის მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები. ასევე  დასრულდა, ფლევსა და ტკოცაში გზის მოასფალტების სამუშაოები. შიდა გზები მოეწყო ტეზერში, სადაც უახლოეს პერიოდში დაიწყება ატრაქციონებისა და საბავშვო სივრცის მოწყობა. ასევე  დასრულდა დიდ და პატარა სატივეში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია”. 

მისივე თქმით,  აღნიშნულ სოფლებში ასფალტის გზა არასდროს ყოფილა, რაზეც ადგილობრივები მუდმივად წუხდნენ.

“ამჯერად კი მათ, გაცილებით, კომფორტულ გარემოში მოუწევთ ცხოვრება. სოფლების მიმართულებით, გზების მშენებლობა აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი