ახალი ამბები

ლესია უკრაინკას სკვერი უკრაინის საელჩოს დახმარებით არ მოწყობილა – ხაშურის მერია

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ლესია უკრაინკას სახელობის სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

კერძოდ, უწყება ამბობს, რომ ლესია უკრაინკას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა, არა უკრაინის საელჩოს დახმარებით, არამედ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. 

“გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უკრაინის საელჩოს მიერ გამოყოფილი სახსრებით მოპირკეთდა სკვერში მდებარე ლესია უკრაინკას ძეგლის კვარცხლბეკი, რისთვისაც, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 6000$ დაიხარჯა. უშუალოდ ლესია უკრაინკას სკვერის რეაბილიტაცია კი განხორციელდა 2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხაშურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ჯ.ს.ბ. საქართველოს“ შორის 2022 წლის 11 თებერვალს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 83591 ლარი”, – ნათქვამია ხაშურის მერიის განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, დაბა სურამში, უკრაინელი პოეტი ქალის ლესია უკრაინკას სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის აგვისტორში დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ღობის სრული განახლება, დაიგო ქვაფენილი, დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, დაიდგა სანაგვე ურნები და გაკეთდა განათება.

დატოვეთ კომენტარი