ანალიტიკა / გამოძიება

სტალინის ძეგლის და ბილბორდის კავშირი გორელ ბიზნესმენ გიორგი კანდელაკთან

“დიდება დიდ სტალინს”, – ამ წარწერით, საბჭოთა დიქტატორის ბილბორდი, უკვე მესამე დღეა სოფელ ახალდაბაში, გზის პირას დგას.

სტალინის დიდი ზომის ფოტო ადგილობრივმა ბიზნესმენმა საკუთარ საკალმახეს ტერიტორიაზე ისე განათავსა, რომ მისი დანახვა ყველამ შეძლოს.

სოგრატ პაპუაშვილი სტალინის მიმართ პირად სიმპათიებს არ მალავს. იმასაც ღიად ამბობს, რომ ევროპა არ მოწონს და არჩევანს რუსეთზე აკეთებს.

“ეს ჩემი საკალმახეა, სტალინი მიყვარს, კაროჩე და დავდგი. გორში ხომ გაქვთ სტალინის ქუჩა? თუ ქუჩა არ იკრძალება, სურათი რატომ უნდა აიკრძალოს? რუსეთს თუ ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, დროებითია ეგ ყველაფერი. ჩვენც შევქმენით ეგ სიტუაცია და ამიტომ მოხდა ყველაფერი. ევროპა არ გვბომბავს? გასაქანს რომ არ გვაძლევს…” – ამბობს სოგრატ პაპუაშვილი.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ის პრორუსი ბიზნესმენის, გიორგი კანდელაკის ახლო გარემოცვის, ბორია მდინარიძის სიმამრია. სწორედ გიორგი კანდელაკის სახელთანაა დაკავშირებული ახალდაბის მეზობელ სოფელ ვარიანში, გასულ წელს დადგმული სტალინის ძეგლი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებმა რამდენჯერმე გადაღებეს და თავი მოაძრეს.პრორუსულმა ჯგუფებმა ძეგლი აღადგინეს და ახალი თავიც დაადგეს. სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ სტალინის ძეგლების და ბილბორდების დადგმის უკან გიორგი კანდელაკი დგას.

ისინი ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სტალინის გამოსახულებით ბილბორდების საჯარო სივრცეში დადგმა და ძეგლების აღმართვა კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, რაზეც ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

“ეს ძეგლი დადგა გიორგი კანდელაკმა, რომელიც ცნობილია რუსეთის ინტერესების და იდეების გამტარებლად. პრორუსი ბიზნესმენები განსაკუთრებით ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ გააქტიურდნენ”, – ამბობს თეონა ფანქველაშვილი.

გორში და სოფლებში სტალინის მცირე ზომის ძეგლებს და ბილბორდებს მას შემდეგ პერიოდულად ანთავსებენ, რაც ქალაქის ცენტრიდან საბჭოთა დიქტატორის ბრინჯაოს მონუმენტი აიღეს.

გორში პრორუსული ჯგუფები, გიორგი კანდელაკის ჩათვლით, პერიოდულად ხელმოწერებს აგროვებენ და მთავარი მოედნიდან 12 წლის წინ აღებული ძეგლის უკან დაბრუნებას ითხოვენ. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის გამო, მათ გეგმა სისრულეში ამ დრომდე ვერ მოჰყავთ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.