ბლოგები

რა როლს ასრულებს ფსიგოლოგი მოზარდის განვითარებაში?

ავტორი: ანა ხუტიაშვილი

ბავშვის აღზრდა-განვითარების პროცესში შეიძლება შევხვდეთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა  შფოთვა, შიში, აგრესია, ხასიათის ცვალებადობა, კომუნიკაციის, მეტყველების და  დასწავლის სირთულეები.

სასურველია, ფსიქოლოგის კონსულტირება იყოს რეგულარული. ეს, რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში. კარგი იქნება, თუ მშობელს ეცოდინება ბავშვის სხვადასხვა პერიოდისათვის დამახასიათებელი ნიშნები და ასაკობრივი თავისებურებები, რომლის მიხედვითაც დააკვირდება მოზარდს. ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სხვადასხვა სახელმძღვანელოდან ან კონსულტაციით ფსიქოლოგთან.

ფსიქოლოგთან მისვლის კულტურა ნელ-ნელა ინერგება. მშობლები დღეს ბევრად მეტ ყურაღებას აქცევენ ბავშვის აღზრდის დროს ფსიქოლოგიურ საკითხებს, ვიდრე წლების წინ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი.

დღეს ემოციებზე და ბავშვის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანეს ფაზაზე, საზოგადოებამ ბევრად მეტი იცის. შესაბამისად, ყურადღებაც მეტად ექცევა მშობლების მხრიდან.

აქ არც პედაგოგები არიან უმცირესობაში, რადგან ისინიც ასევე ზრუნავენ აღსაზრდელებზე, და ხშირად პედაგოგის რეკომენდაციით მოდის მშობელი კონსულტაციაზე, რაც ძალიან სასიხარულოა და მიუთითებს საზოგადოებაში სტერეოტიპების ნგრევაზე. რაც უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ფსიქოლოგს დახმარებისთვის, მით უფრო მშვიდი და ემოციურად უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნება თითოეული ჩვენგანისათვის.

სასურველია, რომ ყველა სკოლას ჰყავდეს ფსიქოლოგი, რომელიც იზრუნებს ჯანსაღი  ფსიქოლოგიური გარემოს შექმნაზე და  მოსწავლეთა სასწავლო–აკადემიური უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომელიც  აქტიურად ითანამშრომლებს პედაგოგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით.

ასეთი სკოლაა დღეს ვაჟა ფშაველას სახელობის  გორის მე-9 საჯარო სკოლა, ასევე,  გორის მე-4 საჯარო,  მეცნიერებათა და ამიერიკის უნივერსიტეტის სკოლები.

მე, როგორც საჯარო  და კერძო სკოლაში მომუშავე სპეციალისტი, აქტიურად ვთანამშრომლობ თითქმის ყველა სკოლასთან და საბავშო ბაღთან, მასწავლებლების მხრიდან ყოველთვისაა მზაობა, ითანამშრომლონ, უფრო მეტად აიმაღლონ კვალიფიკაცია, მეტ შეხვედრას, ტრენინგს თუ ვებინარს დაესწრონ, რათა უკეთესი გარემო შეუქმნან ბავშებს. ასევე მინდა აღვნიშნო, როდესაც, მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრაციის ან ბაღის პედაგოგისგან ხდება რეფერირება, თუ მშობელი არ იქნება თანახმა, ვერც ერთი სპეციალისტი ვერ შეძლებს  ჩარევას.  ზოგიერთ მშობელს ფსიქოლოგის ჩარევა მიუღებლად მიაჩნია და ამ მომსახურეობაზე უარს ამბობს.

გორში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მაღალ დონეზეა ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისი, ძალიან ბევრი პროგრამაა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს, ასევე არის სახელწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებში  შეიძლება საკმაოდ ხარისხიანი და მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მომსახურების მიღება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.