ახალი ამბები

ახალსოფელში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. გორის მერიამ სამუშაოებისთვის  872 470 ლარი გაითვალისწინა. 

არსებული მდგომარეობით, ახალსოფელში რამდენიმე წყაროა და მოსახლეობა კერძო, ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს, რომლებიც დაახლოებით 7 -დან 10 მეტრამდეა გათხრილი, მაგრამ წყალი დაბინძურებულია და  ძირითადად ტექნიკური მიზნებისთვის იყენებენ. 

“სოფელში მოეწყობა შიდაგამანაწილებელი ქსელი, რომელსაც მოემსახურება სოფლის თავზე 2 ლითონის რეზერვუარი. დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები. ასევე ქსელის რეგულირებისთვის დამონტაჟდება 6 ცალი რკინა-ბეტონის ჭა, ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურით. სოფლის თავში დაგეგმილია ახალი ჭაბურღილის მოწყობაც”, – ნათქვამია საპროექტო დოკუმენტაციაში. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების  გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი