ადამიანები ისტორიები

“დულიკი” – საახალწლო აქსესუარები გორელი ახალგაზრდებისგან

ნაძვის ხის სათამაშოები, საახალწლო პერსონაჟებით მოხატული აქსესუარები, – ეს იმ ხელნაკეთი ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ლიკა ბასიშვილი უკვე ერთი წელია აკეთებს.

საახალწლო თემატიკაზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ახლა საქმეში მეგობარიც ეხმარება, რომელიც ლიკასთან ერთად ნაძვის ხის სათამაშოებს ამზადებს.

“იდეა გავაჟღერე ჩემ მეგობართან და შემდეგ დავიწყეთ მსჯელობა ჩვენ შესაძლებლობებზე. ჩვენი სახელის ინიციალებით შევქმენით ბრენდის სახელი. უკვე ერთი წელია, რაც ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებ, მაგრამ დიდი ხანია, რაც ვხატავ”, – გვითხრა ლიკამ.

“მასალას ვაგროვებ, ვამუშავებ, ვასუფთავებ და ვამზადებ დასახატად. როცა უფრო კარგად ვისწავლი ხატვას, შემდეგ ხატვაშიც მივეხმარები”, – ამბობს ალუდა.

ალუდამ და ლიკამ გადაწყვიტეს საკუთარი ნამუშევრები ერთი სახელის ქვეშ მოექციათ და ბრენდს “დულიკი” დაარქვეს.

“საახალწლო თემის გარდა, შეგვიძლია, ყველა თემატიკას შევეხოთ. შეგვიძლია მომხმარებლის მხრიდან მიღებული შეკვეთებიც გავამზადოთ შეძლებისდაგვარად. ასევე შეგვიძლია ვიმუშაოთ შიდა და გარე ფასადებზე”, – ამბობს ლიკა.

ნივთების შესაქმნელად ხის მასალას იყენებენ. სამომავლოდ სურთ, რომ სახელოსნო გახსნან, სადაც ხატვასა და ნივთების შექმნას ბავშვებს შეასწავლიან.

“გვინდა სახელოსნოს გახსნა, სადაც პატარებსაც შევასწავლით და გადავცემთ იმ ცოდნას, რაც გვაქვს. ამ ეტაპზე სახლში ვმუშაობთ ხოლმე და იმედი გვაქვს მომავალში შევძლებთ სახელოსნოს გახსნას”.

“დულიკი” მომავალში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაშიც აპირებს მონაწილეობას. მანამდე კი, ნამუშევრების რეალიზებას სოციალური ქსელით შეეცდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.