ანალიტიკა / გამოძიება

ჰქონდა თუ არა ბაღების სააგენტოს გულგრილობაში ბრალდებულის დასაქმების უფლება? – მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა 

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ზურაბ ილურიძე სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში, ხელმძღვანელის თანაშემწედ დაინიშნა.

ილურიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია. მას და კულტურის სააგენტოს ყოფილ დირექტორებს, გელა კაპანაძეს და დავით წეწვაძეს სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე 10 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, საქმეზე კი გამოძიება გრძელდება. გირაოთი გათავისუფლებული პირის, კიდევ ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დანიშვნას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. 

ბრალის დამტკიცებამდე, ზურაბ ილურიძეს აქვს საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობის უფლება – ბაღების სააგენტო

ბაღების სააგენტოს იურისტი ამბობს, რომ ილურიძის დასაქმება შრომის კოდექსის და კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა. 

“ზურაბ ილურიძე არის ბრალდებულის სტატუსით, შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს საქმის განხილვა, განაჩენი ოფიციალურად გამოტანილი არ არის. აქედან გამომდინარე, იგი არის ბრალდებული და არა მსჯავრდადებული, მის მიმართ არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. კანონმდებლობითა და შრომის კოდექსის მიხედვით, ბრალდებული რომლის მიმართ არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და არ არის ნასამართლევი, კანონით აქვს უფლება იმუშაოს, სანამ მის მიმართ არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი”, – ამბობს ნუგზარ კოჭლაშვილი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ილურიძის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

ამ ამბავში მნიშვნელოვანია მორალური პასუხისმგებლობის საკითხი – იურისტები

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის თქმით, ამ საკადრო ცვლილებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია მორალური პასუხისმგებლობის საკითხი. 

“სამართლებრივად შეიძლება, მაგრამ მორალურად რამდენად გამართლებულია, ეს კიდევ მეორე საკითხია. კონკრეტული თანამდებობიდან კორუფციული ბრალდებისთვისაა გათავისუფლებული და ნიშნავენ ისევ სხვა თანამდებობაზე ორგანიზაციაში, რომელიც ასევე საბიუჯეტოა”, – ამბობს მერებაშვილი.

იგივე გვითხრა საია-ს გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ქეთი ბებიაშვილმა. 

“სამართლებრივად, სანამ პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული და აქვს ბრალდებულის სტატუსი, თუკი საჯარო სამსახური არ არის, შეუძლია მუშაობა, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა, მორალურად რამდენად გამართლებულია, მაგაზე შეიძლება მსჯელობა. როგორც ცნობილია, გამოძიება მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავება”, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

ინფორმაციისთვის, ზურაბ ილურიძე ბაღების სააგენტოს დირექტორის მეორე თანაშემწე იქნება. მანამდე გიორგი შათირიშვილს ერთი თანაშემწე უკვე ჰყავდა, გიორგი გოგოლაძის სახით. 

დატოვეთ კომენტარი