ადამიანები ისტორიები

თიხისგან დამზადებული იტალიური სტილის საკმაულები – მაგდა შირინიანის წამოწყება

ქარელში მცხოვრები მაგდა შირინიანი პოლიმერული თიხისგან სხვადასხვა ფორმის, ზომის და დიზაინის სამკაულებს ქმნის.

მაგდა 24 წლისაა, პოლიმერულ თიხაზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. გვიყვება, რომ იდეა ორსულობის პერიოდში გაუჩნდა, როდესაც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ამ მასალისგან დამზადებული ნამუშევრები ნახა.

“ჩემი ბიჭი და ჩემი ნაწარმი დაახლოებით ერთი ასაკისაა. ორსულად ვიყავი, როდესაც სოციალურ ქსელში პოლიმერული თიხისგან დაზადებული სამკაული ვნახე, რა თქმა უნდა, უცხოურ საიტზე, რადგან საქართველოში ძალიან ცოტა იყენებს მსგავს ტექნიკებს. საწყის ეტაპზე დავიწყე ინფორმაციის მოძიება და შემგომ უკვე გავაკეთე ნივთები”, – გვიყვება მაგდა.

მაგდას ნამუშევრები ვიზუალურად ძველ იტალიურ სამკაულებს ჰგავს. ამბობს, რომ ინსპურაცია სწორედ ერთ-ერთი სერიალი “მედიჩი” გახდა.

“იტალიურ სერიალს ვუყურებდი, სადაც მედიჩებს ეკეთათ საოცრად ლამაზი სამკაულები და მომინდა ჩემი ნამუშევრებიც ვიზუალურად ასეთი ყოფილიყო. ინსპირაცია სწორედ ეს გახდა. სამკაულებს რომ ვაკეთებ წინ მიდევს სარკე და პარალელურად ვუყურებ, როგორია ყურზე, ყელზე. ეს ხანგრძლივი პროცესია, რადგან ხშირად მიწევს შეცვლა, შესწორება, რაღაცის დამატება ან გამოკლება. მუშაობა შრომატევადია, მოითხოვს დროს და საჭიროა უდიდესი წარმოსახვა”, – ამბობს მაგდა.

პოლიმერულ თიხასთან მუშაობის მსურველებს მაგდა საკუთარ რჩევებს უზიარებს. ამბობს, რომ ამ მასალებთან მუშაობას ცოდნა და უდიდესი სიფრთხილე სჭირდება.

“იშვიათად ვმუშაობ დღის განმავლობაში, უფრო ღამე ვიწყებ ნივთების დამზადებას. ვიდრე დავიწყებ, ვიკეთებ სპეციალურ ნიღაბს, დამცავ სათვალეს, რადგან მასალებთან მუშაობა მოსაფრთხილებელია. თიხა ვიდრე დამუშავდება, არასასარგებლო ნივთიერებებს გამოყოფს, ასევე ეპოქსიდი, რომელიც არის ტოქსიკური ნივთიერება, რამაც შეიძლება თვალის ლორწოვანი გარსი დააზიანოს. ამიტომ ძირითად სამუშაოებს ვაკეთებ მაშინ, როდესაც სახლში ყველას სძინავს და ვარ აბსოლუტურად აღჭურვილი და უსაფრთხო”, – გვიყვება მაგდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.