ადამიანები ისტორიები

ხელოვანი, რომელმაც უძველესი ქართული ორნამენტებით ანბანი შექმნა – ხატია ჯიოშვილი

“ჩემი ხელოვნებასთან ურთიერთობა ღრმა ბავშვობიდან იწყება, სულ პატარა ასაკში წიგნის ფურცლებზე რომ ვხატავდი დიდთავიან გოგონებს”, – ასე იწყებს საკუთარ ბიოგრაფიას ახალგაზრდა ფერმწერი, მხატვარი და ხელოვნებაზე შეყვარებული ხატია ჯიოშვილი, რომელიც ქარელის ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგად მუშაობს. ხატია პერსონალურ ნამუშევრებს რამოდენიმე წელია აღარ ქმნის, ამ პროფესიის სიყვარულს ახლა მომავალ თაობას უზიარებს და ასწავლის. აქვს საკუთარი სახელოსნო, სადაც მოზარდებს თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ცოდნასაც აძლევს.

“მაქვს სამხატვრო სახელოსნო, სადაც გაკვეთილების შემდეგ ბავშვებს ხატვას ვასწავლი. ჩვენთან იმდენად მყუდრო და სასიამოვნო გარემოა, რომ ბავშვებისთვის დრო ჩერდება. ვასწავლი ხატვას, ფერწერას, კომპოზიციას მათთვის სასურველი მასალით. ასევე ვამზადებ აბიტურიენტებს შემოქმედებითი ტურისთვის და გასაუბრებისთვის ხატვაში. მოსწავლისთვის განსხვავებული ხედვა და ხატვის ნიჭი აუცილებელია, რომ ბავშვები ამ მიმართულებით განვითარდნენ. საოცარი გრძნობაა, როდესაც ამ ყველაფერს აღმოაჩენ ერთი შეხედვით „ჩვეულებრივ“ ბავშვში,რომელიც თავის მხრივ არაჩვეულებრივ სამყაროს მალავს”, – გვიყვება ხატია.

ხატია სპეციალობით მოდის დიზაინერია, თუმცა ამ პროფესიით არ უმუშავია. 25 წლის იყო, როდესაც სკოლაში შედგა ფეხი და ამის მერე მიხვდა, რომ მისი მთავარი საქმე ბავშვებთან ურთიერთობაა.

“ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის ფაკულტეტზე. ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, თუმცა შექმნილი მაქვს სამოსის უამრავი ესკიზი და ჩანახატი სხვადასხვა ტექნიკით. სკოლაში დავიწყე მუშაობა. პირველი დღიდან მივხვდი, რომ ჩემი ადგილი და საქმე ვიპოვე, რომელიც მაბედნიერებდა და თავს მნიშვნელოვან ადამიანად მაგრძნობინებდა”, – ამბობს ხატია.

ხატიამ მოსწავლეებთან ერთად, უძველესი ქართული ორნამენტებით, ანბანი შექმნა. 33 ასობგერიდან არცერთი ესკიზი არ ჰგავს ერთმანეთს.

“პროექტზე მე-9, მე-1-და მე-11 კლასის მოსწავლეები მუშაობდნენ. აკეთებდნენ უამრავ ესკიზს რომელთა საბოლოო სახეზე ერთად ვმუშაობდით ჩემს სამხატვრო სახელოსნოში. ასოები შერულებულია შავ ფორმატზე ოქროსფერი აკრილის საღებავით, რაც კიდევ უფრო ეფექტურს და აღქმადს ხდის ასო-ბგერებს. ოცდაცამეტივე ასო-ბგერა სამ ფერში, წითელ, ლურჯ და მწვანე ფერებშია შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მოსწავლეს განსხვავებული ხედვა და ხელწერა აქვს, საბოლოოდ მაინც შევძელით, რომ ანბანის დასრულებული სახე ერთ ხაზში ყოფილიყო”, – გვიყვება ხატია.

სამომავლოდ ხატია აპირებს, რომ პროფესიას დაუბრუნდეს, ბევრი ხატოს და ამ მიმართულებითაც აიმაღლოს ცოდნა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.