ბლოგები

რა უპირატესობები აქვს კომპლექსური დავალებებით სწავლებას?

ავტორი: ნინო მახარაშვილი,ზოგადი განათლების ექსპერტ-კონსულტანტი

გამოცდილებამ მაჩვენა, რომ არ არსებობს რთული საგანი, საკითხი. მთავარია, როგორ, რა მეთოდით, რა რესურსებით მოახერხებ მოსწავლეებს შეაყვარო საგანი და შეასწავლო საკითხები, თემები.

კომპლექსური დავალება გულისხმობს სამ აუცილებელ კომპონენტს:

  • პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე;
  • ძირითადი საკითხი, რომელსაც შეეხება კომპლექსური დავალება;
  • შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მიემართება სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებს.

კომპლექსური დავალებები სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია და არა ცალკე განყენებულად შესასწავლი. იგი თემის დასაწყისში უნდა დააანონსო მოსწავლეებთან და საკითხის სწავლებასთან ერთად, ნაწილ-ნაწილ შეასწავლო ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და თემის დასასრულს, შეჯამების მიზნით, მოსწავლემ დამოუკიდებლად უნდა დაასრულოს დავალება, ანუ შექმნას საბოლოო პროდუქტი და წარადგინოს საპრეზენტაციოდ. კომპლექსური დავალებებით სწავლებისას მნიშვნელოვანია მასწავლებელმა გაითვალისწინოს ორი ასპექტი: ცოდნის ხარისხი და მოსწავლეთა მოტივაცია.

როგორი დავალებები მოსწონთ ბავშვებს?

ძირითადად ისეთი, რომელიც სახალისოა, ნაცნობი კონტექსტებია. განსაკუთრებით კი ის მოსწონთ, როცა თვითონ აღმოჩნდებიან აქტიური შემსწავლელის როლში. იაკობ გოგებაშვილი ამბობდა: მოზარდს ცხოვრება უყვარს, დაუკავშირე იგი ცხოვრებას და წახალისდება სწავლაზეც. უზნაძის აზრით კი, შეიტანე ცხოვრება სკოლაშიც და ამ ცხოვრებით ასწავლე საკითხები.

განათლების ექსპერტთა და ფსიქოლოგთა აზრით, მოტივაცია მამოძრავებელი ძალაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები აღწევენ თავიანთ მიზნებს. იგი დაბადებიდან არ დაჰყვება ადამიანს და არც გენეტიკურად გადაეცემა. მასწავლებელს შეუძლია მოახდინოს მანიპულაცია მოსწავლეთა ინტერესებზე და გამოიყენოს ისინი ეფექტური სწავლების სასარგებლოდ.

მოსწავლე უნდა ხედავდეს მასწავლებლის მიერ მიცემული დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის. ძირითადად, საკლასო სივრცეში,დავალების მიცემის შემდეგ, მოსწავლეთა ერთი ჯგუფი აქტიურად, მაღალორგანიზებულად მუშაობს და მთლიანად ფოკუსირებულია მიცემულ დავალებაზე. თუმცა, მეორე ჯგუფი ნაკლებად არის კონცენტრირებული დავალებაზე, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ინტერესი და, შესაბამისად, მათი მოტივაცია სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ, მრავალფეროვანი დავალებების მიცემით რთული არ იქნება ყველა მოსწავლის დაინტერესება და სასწავლო პროცესში ჩართვა. მოსწავლეთა ნებისმიერი ქმედება დამოკიდებულია მათ ინტერესსა და მოტივაციაზე.

ამჟამად გთავაზობთ კომპლექსური დავალების ნიმუშს მატემატიკაში, რომელიც ხალისით განახორციელეს ჩემმა პატარებმა. გაიხსენეს ანიმაციური ფილმი და დაუკავშირეს კონტექსტს.

კომპლექსური  დავალება, მე-4 კლასი. საგანი – მათემატიკა

  • ძირითადი რესურსი – სახელმძღვანელო;
  • სამიზნე ცნება – მათემატიკური მოდელი;  კანონზომიერება; ლოგიკა.
  • თემატური  ბლოკი – რიცხვები და მოქმედებები;
  • თემა – გამრავლება  და  გაყოფა;
  • საკითხი – ერთნიშნა და ნულით დაბოლოებულ რიცხვებზე სამნიშნა რიცხვების გამრავლება და გაყოფა;
  • ქვეცნება – რიცხვების გამრავლება გაყოფა, ნაშთიანი გაყოფა;
  • მსჯელობა ქვესაკითხი – ერთნიშნა რიცხვებზე გამრავლება და გაყოფა
  • საკვანძო კითხვა: როგორ  ანაწილებენ ან  ყოფენ  საგნებს თანაბრად ან ნაშთით?
  • როგორ გვეხმარება რიცხვებზე მოქმედებათა თვისებები რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლაში?

კომპლექსური დავალების პირობა.

მეგობრები  სმურფების ზღაპრულ სოფელში  დიდი დღესასწაულისთვის  ემზადებიან - სმურფიეტას დაბადების დღე უნდა აღნიშნონ. დიდი სურვილი აქვთ, რომ ყველაფერი ლამაზად და მოწესრიგებულად იყოს, მაგრამ ვერ გაუგიათ, რა რაოდენობის ბუშტები, შუშხუნები, ტორტი,  მაფინები და პიცა იყიდონ, რომ  ყველას ეყოს. ცნობილია, რომ სმურფების სამეფოში სულ 248 სმურფი ცხოვრობს.

დავეხმაროთ სმურფებს, რომლებსაც ძალიან აინტერესებთ:

  • რამდენი  ბუშტი დასჭირდებათ, თუ სმურფების სოფელში  სულ  64 სახლია და უნდათ, რომ თითოეულ სახლზე 10-10 ბუშტი  დაამაგრონ;
  • რამდენი  შუშხუნა დასჭირდებათ, თუ  სურთ, რომ  დაიწყონ პირველი სახლიდან და  ყოველი ორი სახლის შემდეგ  3-3 შუშხუნა აანთონ;
  • რამდენი  ყვავილი უნდა შეიძინონ სმურფებმა, თუ  გადაწყვეტილი აქვთ,  რომ თითოეულმა მათგანმა  სმურფიეტას  4-4 ცალი  ვარდი  მიართვას:
  • რამდენი მაფინი უნდა შეიძინონ, (რომელიც სმურფებს ყვეეელაზე  ძალიან  უყვართ) რომ თითოეულ სმურფს  3-3 ცალი  მაფინი შეხვდეს.
  • რამდენი ტორტის გამოცხობა დასჭირდებათ, თუ  ტორტი 8  ნაჭრიანი იქნება და  თითოეულ  სმურფს თითო ნაჭერი ტორტი უნდა შეხვდეს;
  • რამდენი პიცა უნდა გამოაცხონ, თუ პიცა  6  ნაჭრიანია და  თითოეულ სმურფს 2-2 ნაჭერი პიცა უნდა შეხვდეს;  დარჩებათ თუ არა პიცის ნაჭრები და რა რაოდენობის?

დავალება მეგობრებისთვის:

  • სმურფებს ასევე ძალიან აინტერესებთ,  რა თანხა დასჭირდებათ  დღესასწაულის მოსაწყობად.
  • თვითონვე მიანიჭე  თითოეულ  დღესასწაულო ნივთს  ერთეულის  ღირებულება, ( მაგ.ბუშტი –  2 ლარი,  შუშხუნა – 3 ლარი, მაფინი-50 თეთრი   და ა.შ). შეადგინე  ცხრილი, სადაც დაიანგარიშებ, რა თანხა დაუჯდებათ სმურფებს დღესასწაულის მოწყობა?
  • ასევე შეადგინე ცხრილი თანაკლასელისთვის და სთხოვე  დაიანგარიშოს, რა რაოდენობის თანხა დასჭირდებათ სმურფებს დღესასწაულის  მოსამზადებლად.

ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით ისაუბრეთ:

  • რა  ხერხები გამოიყენეთ  გამრავლებისა და  გაყოფის  მოქმედების შესრულების დროს(ზეპირი ანგარიშით, ვიზუალური მოდელით,  წერითი ალგორითმით);  ; (მათ. მოდ., კანონზ., ლოგ.)
  • რატომ აირჩიე ეს ხერხი და   როგორ  გამოიანგარიშება რიცხვითი გამოსახულება ამ ხერხის გამოყენებით; (მათ. მოდ., კანონზ., ლოგ.)
  • როგორ გეხმარებათ ნულებით დაბოლოებული  რიცხვების  გამრავლების  წესის გამოყენება  გამოთვლების შესრულებისას (კანონზ., ლოგ.)
  • როგორ ხდება  ამოცანების  ამოხსნისს  გაყოფის შედეგად მიღებული  ნაშთის დადგენა ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით (კანონზ., ლოგ.);

ამ დავალების შესრულებას 6 გაკვეთილი მოვუნდით, მოსწავლეებმა იციან გამრავლება და გაყოფა, თუმცა ქვეშმიწერით გაყოფა გაუჭირდათ და ამას დავუთმეთ 2 გაკვეთილი. ასევე შევაჩერეთ ყურადღება ნაშთიან გაყოფაზე, რაც მთავარია ყველა მოსწავლე ხალისით, ინტერესით ჩაერთო სასწავლო პროცესში და დაინახეს გამრავლების ტაბულის ცოდნის საჭიროება და ბედნიერნი იყვნენ სმურფიეტას დღესასწაულის ღონისძიებისათვის საჭირო თანხა რომ დაიანგარიშეს.

ცხადია, თავიდან გაუკვირდათ, თუ რატომ მიიღეს განსხვავებული თანხა, მაგრამ მერე თავადვე გამოიტანეს დასკვნები, მიუხედავად რაოდენობების ერთნაირობისა,  ფასები თვითონვე შეარჩიეს, რამაც გამოიწვია დანახარჯის სხვადასხვაობა. ამ ეტაპზე ცხრილის დაორგანიზება, მონაცემების სწორად შეტანა და წარმოდგენა, ერთ-ერთი სასწავლო შედეგია. კლასშივე ვამუშავე ყველა საკითხზე. სახლში მხოლოდ დაასრულეს ცხრილში ფასების და საერთო ღირებულების დაანგარიშება. შემდეგ გაკვეთილზე კი დამოუკიდებლად შეძლეს თანაკლასელისათვის მსგავსი ცხრილის შედგენა, ახლა უკვე სხვა ფასებით.

დატოვეთ კომენტარი