ბლოგები

ჟურნალისტიკა, როგორც საკუთარ ქალაქზე ზრუნვის საშუალება

ავტორი: გიორგი მანჩაკოვი

ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, ჩემს რამდენიმე კლასელთან ერთად გაზეთს გამოვცემდით, სადაც სხვადასხვა საინტერესო და გასართობ სტატიებს ვბეჭდავდით. ხაშურში  ინტერვიუებს ვწერდით საინტერესო ადამიანებთან. ასე დაიწყო ჩემი პირველი შეხება ჟურნალისტიკასთან, მაშინ მერვე კლასში ვიყავი. იმ დროს ჟურნალისტური საქმიანობა უფრო ჰობად მეჩვენებოდა, მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რომ ამ საქმის კეთებით შემეძლო ჩემი ქალაქისთვის, ადამიანებისთვის ბევრი საჭირო და სასარეგბლო საქმე მეკეთებინა. 

დღეს უკვე ადგილობრივ ტელევიზიაში ვმუშაობ და ესეც იმის შედეგი მგონია, რომ აქტიური მოქალაქე ვარ, ვიცი და მაღელვებს ჩემი ქალაქის ამბები და რაც მთავარია, მჯერა, რომ ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმეა ქალაქისთვის, ხალხისთვის, ქვეყნისთვის. 

მახსოვს, როგორ იქმნებოდა ჩვენი ტელევიზია და ისიც მახსოვს, რომ  ერთ დღესაც “ტვ ივერიაში” მხოლოდ მე და აპარატურა დავრჩით, რადგან არ გვქონდა დაფინანსება.

გზა, რომელიც გავიარე, მგონია დასტურია იმისა, რომ მონდომების და სურვილის შედეგად, ყველა მოახერხებს საკუთარი ქალაქისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს – ფაქტობრივად,  ყოველგვარი ტრენინგისა და მენტორის გარეშე, ჩემით ვისწავლა ჟურნალისტობა, ოპერატორობა, მონტაჟი. 

იყო და არის შემთხვევები, როცა “ტვ ივერია” რაღაც პრობლემას აშუქებს და ძალიან მალე ეს პრობლემა გვარდება.  ასეთი შემთხვევების შემდეგ, ვიაზრებ, რამხელა როლი აქვს მედიას, განსაკუთრებით რეგიონებში.

ჩვემ, ადგილობრივი მედიები და ჟურნალისტები მოსახლეობას ვაძლევთ საშუალებას ღიად დააფიქსირონ საკუთარი აზრი, გააჟღერონ პრობლემები და საჭიროებები. ასევე, ვცდილობთ მათი სათქმელი მივიტანოთ ადგილობრივ ხელისუფლებამდე და ამ ყველაფრით, ხელისუფლებასაც ვეხმარებით მოსახლეობის განწყობების გაგებაში. 

ამჟამად, “ტვ ივერიაში” ორი თანამშრომელი ვართ. დაახლოებით 5 თვეა, რაც სპორტული სააგენტო „ხაშურის სპორტი“ შევქმენით, სადაც გვყავს 16 წლის ჟურნალისტი. ისიც უდიდესი ენთუზიაზმით და დაუღალავად აშუქებს ხაშურის სპორტულ სიახლეებს.

ერთი წელია, რაც “ტვ ივერია” არსებობს, ახალგაზრდების მხრიდან ინტერესი იზრდება და გამოთქვამენ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ “ტვ ივერია” გახდეს ის მედიასაშუალება, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მიიღონ ობიექტური ინფორმაცია, გაიცნონ მათივე ქალაქში მყოფი წარმატებული ადამიანები, შევთავაზოთ შემეცნებითი და გასართობი მასალები.

დატოვეთ კომენტარი