ადამიანები ისტორიები

9 წლის ასაკში შეკერილი პირველი კაბა – რუსო ქვრივიშვილის სამკერვალოს ამბავი

კეხიჯვარში რუსო ქვრივიშვულმა საკუთარი სახლის პირველ სართულზე სამკერვალო დაახლოებით სამი წლის წინ მოიწყო. კერვა ბავშვობიდან უყვარს. 9 წლის იყო, როცა სადღესასწაულო კაბა შეკერა. გვიყვება, რომ ყოველთვის უნდოდა მცირე ბიზნესის დაწყება, მაგრამ დროის არქონის გამო, ვერ ახერხებდა. დაახლოებით სამი წლის წინ, როდესაც პანდემია დაიწყო, როგორც ყველას, რუსოსაც სახლში ყოფნამ მოუწია და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კიდევ ერთი კაბა შეკერა.

“სულ მინდოდა, რომ ჩემთვის მცირე სახელოსნო მქონოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. პანდემია რომ დაიწყო, ამან დრო გამომითავისუფლა და გადავწყვიტე, რომ საკერავი მანქანა მეყიდა. პირველად წლების მერე ხალათი და ორი კაბა შევკერე, ღამის ოთხ საათზე მოვრჩი მუშაობას, გადავუღე ვიდეო და დავდე სოციალურ ქსელში. დილით რომ გავიღვიძე, ისეთი გამოხმაურება დამხვდა, ბედნიერებისგან ვტიროდი”, – ამბობს რუსო.

რუსო ამბობს, რომ ბავშვობაში ხშირად იკერავდა და იქსოვდა ტანსაცმელს.

“საბანკეტო კაბა შევუკერე მეზობლის გოგოს, ბავშვობიდან მიყვარდა ეს ხელსაქმე. ჩემ დროს გაჭირვება იყო, ასე მარტივად არ შეგვეძლო სამოსის შეძენა. მახოვს, ერთხელ დედას სათავსოდან ტილოს ფარდა ჩამოვუხსენი და ჩემი დისთვის და ჩემთვის შარვალი და კაბა შევკერე. დღემდე აქვს დედას ეს კაბა შენახული. ბავშვობიდან ყველაფერს ვიკერავდი, ვიქსოვდი”.

რუსო გვიყვება, რომ კერვა დედამ ასწავლა, პაპაც მკერავი იყო, ფეხსაცმელებს კერავდა და საკუთარი სახელოსნო ჰქონდა ქარელში.

“პაპა ფეხსაცმელს კერავდა, მთელ ქარელს მისი შეკერილი ქალამნები ეცვათ. ბავშვი ვიყავი, მახსოვს, პაპა რომ კერავდა ხოლმე, შევიდოდი სახელოსნოში, დავჯდებოდი და ვუყურებდი, ის კიდევ მაგდებდა და მეუბნებოდა, ეს საშენო საქმე არ არისო. მე კიდევ ზუსტად ის მომწონდა, რასაც აკეთებდა”, – გვიყვება რუსო.

რუსო სამომავლოდ გეგმავს, რომ ქალის და ბავშვის ხაზი აწარმოოს, ასევე სურს შეკეროს ზღაპრის გმირების ფორმები. ტანსაცმლის კონსტრუირებას და მოდელირებას რუსო თვითონ აკეთებს და სურს თავისი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს. ამისათვის გეგმავს გააკეთოს სასწავლო კურსი, სადაც მსურველებს ასწავლის და თავისთან დაასაქმებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.