ახალი ამბები

“მანქანიანი ოჯახები იღებენ დახმარებას და მე, ავადმყოფ ქალს უარს მეუბნებიან” 

ვეღარ ვითვლი, უკვე იმდენჯერ მითხრა უარი სოციალურმა სააგენტომ დახმარებაზე, – გვითხრა  62 წლის ქეთინო ჯავახიშვილმა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში, შვილთან ერთად ცხოვრობს. შვილს განვითარების შეფეხება აქვს და მუდმივი ყურადღება სჭირდება. 

“2 წელია, რაც პენსიაში გავიდა, აქამდე ეს პენსიაც არ მქონდა, მაგრამ რამდენჯერაც სოციალურ სააგენტოში განაცხადი გავაკეთე, იმდენჯერ უარი მომივიდა. მიზეზად მეუბნევიან, რომ ჩემს სახლს 6 ოთახი აქვს”.

ქეთინო თითქმის ცარიელ სახლში ცხოვრობს.

“თქვენც უყურებთ ეს ოთახები, რა მდგომარეობაშიცაა, არც ავეჯი მაქვს და არც რაიმე ღირებული. გარდა მაგისა, ჭერიც დაზიანებული მაქვს და წვიმის დროს წყალი ჩამოდის”. 

ქეთინო ამბობს, რომ უსამართლობის შეგრძნება აქვს, რადგან ხედავს, რომ გარშემო ისეთი ოჯახები იღებენ დახმარებას, რომლებსაც ფინანსურად ნაკლებად უჭირთ. 

“მე აგენტად ვერ გადავიქცევი და სხვისი ქონების შეფასებას ვერ დავიწყებ, მაგრამ უსამართლობა რომ ხდება ფაქტია. ჩემს გარშემო ისეთი ოჯახები იღებენ შემწეობას, თავზე რომ გადასდით ქონება, ავეჯიც აქვთ და მანქანებიც. მე კიდევ ამ ავადმყოფ ქალს, რატო მომდის მაღალი ქულები, არ ვიცი”.

ქეთინოს მუშაობა არ შეუძლია. როგორც გვეუბნება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ორი კვირი წინაც ოპერაცია დასჭირდა.  

“ორი კვირაა, რაც ნაღვლის ოპერაცია გავიკეთე. ფიზიკური შრომა არ შემიძლია”.

ქარელის სოციალურ საგენტოში განმარტავენ,რომ აღნიშნული პიროვნების შესახებ ინფორმირებულები არიან.

“ვიცით, რომ უჭირს. ჩვენი პასუხი კი ის იქნება, რომ ხელახლა დაწეროს განაცხადი. იანვრიდან სისტემაში ცვლილებებია, რის შემდეგაც ბევრ რამეს ყურადღება აღარ მიექცევა ქულების დაწერის დროს”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი