ახალი ამბები

ხანძრის დროს 10 000 ლარი დაგვეწვა – ელბაქიანთკარელი გელა ელბაქიძე 

“ზამთარი მოდის და ამ ხის სახლში, სიცივეში როგორ ვიქნებით არ ვიცი”, – გვეუბნება გელა ელბაქიძე. 

გელა ერთ-ერთია, ვისი სახლიც ელბაქიანთკარში ხანძრის დროს დაიწვა. ის დედასთან ერთად, დროებით, ახლობელმა შეიფარა. 

“სოფელში 93 წლის დედასთან ერთად ვცხოვრობ, ლოგინათაა ჩავარდნილი, სულ ყურადღება უნდა, მარტო ხომ ვერ დავტოვებ და წავალ?! ხანძრის მერე ახლობელმა დაგვითმო თავისი სახლი. ის რომ არ ყოფილიყო,  შიმშილით დავიხოცებოდით”, – გვიყვება გელა. 

ის ფიქრობს, რომ ხანძრის შედეგად, ყველაზე მნიშვნელოვნად მისი ოჯახი დაზარალდა. 

“ორ-სართულიანი სახლი დაიწვა, ავეჯით იყო სავსე. გარდა მაგისა, დედაჩემს 10 000 ლარი ჰქონდა გადანახული, წლების მოგროვილი ფული იყო. ამბობდა ჩემი დაკრძალვის, საფლავის და ქვის ფულიაო”, – გვიყვება ის. 

გელა ფიქრობს, რომ ხელისუფლებას დახმარება ზარალის შესაბამისად უნდა გაეცა, თუმცა მის საპასუხოდ, ქარელის საკრებულოში განმარტავენ, რომ თითოეულ ოჯახზე 4 000 ლარზე მეტის გაცემა არ შეეძლოთ. 

“ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის ფარგლებში. კანონით კი, სტიქიური უბედურების დროს ბიუჯეტით განსაზღვრულია 4 000 ლარი, რაც ჩვენ დაზარალებულ ოჯახებს უკვე ჩავურიცხეთ. ზედმეტი ხარჯის გაწევა ჩვენი მხრიდან კანონს ეწინაღმდეგება”, – გვითხრა ქარელის საკრებულოს სივრცითი და ტერიტორიული კომისიის თავჯდომარე იური ქობესაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ელბაქიანთკარში ხანძრის შედეგად 7 სახლი დაიწყო. ცეცელის გაჩენის გამო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 

დატოვეთ კომენტარი