ახალი ამბები

კნოლევის მიმდებარედ ოკუპანტებმა მავთულხლართები გაავლეს 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები, – ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ფაქტის შესახებ გააქტიურდა ცხელი ხაზი. 

“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს”,– ნათქვამია განცხადებაში. 

სუს-ში აცხადებენ, რომ საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

დატოვეთ კომენტარი