ადამიანები ისტორიები

ქვიშხეთი და დიმიტრი ყიფიანი – ისტორია, რომელსაც მისი სახლი ინახავს

„პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობით ვათავებო! უკეთეს ჯილდოს ვერც კი მოვიფიქრებდი! ერთი საუკუნეა, რაც ქართველები ცუდ კაცობისთვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილა და დეე პირველი მერცხალი მე ვიყო!“-  ამბობდა გადასახლების წინ დიმიტრი ყიფიანი, რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლი.

მან სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. შიდა ქართლში, გორის მაზრაში, სოფელ მერეთში დაიბადა, შეგნებული ცხოვრება კი საქართველოს ხვადასხვა მხარეში გაატარა და მიუხედავად სირთულეებისა, უარი არ უთქვამს სამშობლოს სამსახურზე.

უამრავ საქმეს შეეჭიდა და თავის ყველაფერს წარმატებით გაართვა. პუბლიცისტი, მთარგმნელი, საჯარო მოხელე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე – არასრული ჩამონათვალია საქმეების, რომელსაც დიმიტრი ყიფიანი სიცოცხლის მანძილზე აკეთებდა.

მნიშვნელოვანია მისი ცხოვრების წლები ქვიშხეთში, დღევანდელ ხაშურის მუნიციპალიტეტში.

გამომდინარე იქიდან, რომ დიმიტრი ყიფიანს და მის ძმებს მამისეული მიწები მხოლოდ ქვიშხეთში გააჩნდათ, მამის გარდაცვალების  შემდეგ დიმიტრი და მისი ძმები გორის რაიონის სოფელ მერეთიდან ქვიშხეთში მოდიან. ისინი ჯერ ტაშისკარში ცხოვრობენ, მერე კი, 1860-იან წლებში,  როცა დიმიტრი ყიფიანს სტაბილური და მაღალანაზღაურებადი შემოსავალი აქვს, იგი  ქვიშხეთში, კოშკის უბანში, შემაღლებულ ადგილზე იშენებს სასახლეს. პარალელურად, აქვე, აშენებს კარის ეკლესიას, რომელიც დღესაც მოქმედია.

დიმიტრი ყიფიანის დიდი ოჯახი ამ სახლში მუდმივად ცხოვრობს. (თუ არ ჩავთვლით სამსახურებრივი მოვალეობების გამო დედაქალაქთან კავშირს). მათი  სახლი არასოდეს იკეტებოდა.  დიმიტრი ყიფიანს დიდი მეურნეობა ჰქონდა ქვიშხეთში და, შესაბამისად, მის ოჯახს დამხმარე პერსონალიც ემსახურებოდა.

დიმიტრი ყიფიანი ძალიან მორწმუნე გახლდათ. მას ოჯახში ჰქონდა პატარა სალოცავი (განმარტოების ) ოთახი, რომელიც ახლაც დიდ ინტერესს იწვევს დამთვალიერებელში.

მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდია განსაკუთრებული, როცა იგი ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი გახლდათ, ამ პერიოდს დაემთხვა ცნობილი ისტორიული ფაქტი, როცა  ეროვნული სულისკვეთების მოსწავლემ, იოსებ  ლაღიაშვილმა, რომელიც გიმნაზიიდან გარიცხეს და ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, აღარ აღადგინეს, სატევრით მოკლა ლექტორი ჩუდეცკი. დაკრძალვის დღეს ეგზარხოსმა პავლემ დაწყევლა მკვლელის მშობელი ერი.

ამ ფაქტით აღშფოთებულმა დიმიტრი ყიფიანმა წერილი მიწერა ეგზარხოს პავლეს, სადაც სთხოვდა, – თუ ეს მართალი იყო, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო.

სტავროპოლში გადასახლებიდან ერთი წლის შემდეგ, 1887 წლის 24 ოქტომბერს, დაქირავებული მკვლელები ყიფინს  სიცოცხლეს უსწრაფებენ.

დიმიტრის  სახლში სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა მისი რძალი, გორელი ქალი ნინო ტატიშვილი.

როგორც სახლ-მუზეუმის ფონდების მცველი კლარა გელაშვილი გვიყვება, გამომდინარე იქიდან, რომ გასაბჭოების წლებში დიმიტრი ყიფიანის სახლ-კარს განადგურება ელოდა, ნინო ტატიშვილი თანახმა იყო ეს სახლი და მისი  ტერიტორია ქართველ მწერლებს დასასვენებელ სახლად გადასცემოდათ.

თვითონ მას ერთი პატარა ოთახი მიაკუთვნეს. ემსახურებოდა მისივე ნათლული, ქვიშხეთელი ქალბატონი ანეტა ყაზიშვილი.

იმის გამო, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ოდესმე დიმიტრი ყიფიანის, როგორც რუსული რეჟიმის მსხვერპლის, სახელს  ვინმე ხმამაღლა ახსენებდა, შენობაში შესული მწერლები არაფერს გაუფრთხილდნენ და დიმიტრი ყიფიანის ოჯახის ნივთები განადგურდა (ზოგი ნინო ტატიშვილმა გაასხვისა, ზოგი მოსამსახურეებმა გაიტანეს, ზოგი სხვენში აღმოჩნდა ატანილი და დაშლილი და ა.შ).

„თუმცა, ამას, როგორც მოგახსენეთ, იმ პერიოდში, შეიძლება „გამართლებაც” ჰქონდა. მწერლების შემოსვლისთანავე დიმიტრი ყიფიანის სახლის ყველა ოთახი გადაიტიხრა. ოთახების რაოდენობისთვის ამოშენდა ან შეიმინა ორივე სართულის აივანი. რამდენად უცნობი იქნება თქვენთვის ის ფაქტები, რასაც ახლა მოგაწვდით, არ ვიცი, მაგრამ ყავლგაუსვლელი რომაა და ქვიშხეთის კულტურული ცხოვრების საუკეთესო შტრიხებს წარმოადგენს, ეს კი ცხადია“, – აღნიშნავს ქალბატონი კლარა.

ყიფიანის სახლი და კულტურული ცხოვრება ქვიშხეთში

ქვიშხეთში, ვახუშტი აბაშიძის  ციხე-სიმაგრეში იქორწინა (მეორედ) ერეკლე II-მ ანა აბაშიძეზე, ვახუშტის ძმის, ზაალ აბაშიძის ასულზე.

მიხეილ ჯავახიშვილის თავისუფლების უკანასკნელი წუთებიც ქვიშხეთს უკავშირდება; 1937 წლის ზაფხულში მას ქვიშხეთში ჩამოაკითხეს ჩეკისტებმა და დააპატიმრეს…

დიმიტრი ყიფიანის ოჯახის სახელს უკავშირდება  პირველი თეატრალური წარმოდგენები ქვიშხეთში, პირველი დაწყებითი სკოლისა და ბიბლიოთეკის დაარსება.

XIX საუკუნის  70-იან წლებში, დიმიტრი ყიფიანის ბიძაშვილთან, მიშო ყიფიანთან  სტუმრობდნენ თბილისის ოპერის მომღერლები ვანო სარაჯიშვილთან ერთად.  მან  ეზოში, მწვანე მდელოზე თავმოყრილი ადამიანები დაატკბო თავისი განუმეორებელი ხმით შესრულებული სიმღერებით.

1919 წელს, აქ, დიმიტრი ყიფიანის კარის ეკლესიაში, ვერიკო ანჯაფარიძემ ჯვარი დაიწერა   შალვა  ამირეჯიბზე.

1893 წელს ილია ჭავჭავაძე სტუმრობდა ქვიშხეთს, სადაც დიმიტრი ყიფიანის რძალმა, ნინო ყიფიანმა უმასპინძლა.

XX და XXI საუკუნის დასაწყისშიც კი,  არაერთი გამოჩენილი ადამიანი – მწერალი, პოეტი, ხელოვანი დარჩენილა სხვადასხვა დროს ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლში.

კლარა გულდაწყვეტილი ამბობს, რომ XX ს 90-იანი  წლების მოვლენებმა  ქვიშხეთის სურათიც გააფერმკრთალა.

“სოფელში ციცოცხლე ჩაკვდა.  შეწყდა სტუმრიანობა,  სულს ღაფავდა ძველი დიდების ნაშთი – დიმიტრი ყიფიანის  სახლი. ერთმანეთისადმი სიყვარულით ჩამოდიოდნენ ყოველგვარ პირობებს მოკლებული მწერლები. სიცოცხლის ბოლო ზაფხულიც კი აქ გაატარა ჩვენმა კლასიკოსმა მწერალმა, რეზო ჭეიშვილმა…”

თუმცა, 2019 წელს, დასრულდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია და სოფლის გზები მოპირკეთდა. 2020 წლის გაზაფხულზე კი, გაიხსნა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „მწერლები“ და დაიწყო ქვიშხეთის ისტორიის ახალი, ულამაზესი  ეტაპი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.