ადამიანები ისტორიები

ამ საქმით ქვეყნის პოპულარიზაციასაც ვახდენ – მარიამ ნადირაშვილის ჰამაკები ხაშურიდან

ხაშურში, ბორჯომის ქუჩას რომ გაუყვებით, ყურადღებას მიიქცევს სახლი, სადაც ჰამაკების მცირე ბაზრობაა მოწყობილი. სხვადასხვა ზომის და ფორმის ჰამაკი ერთ ადგილასაა თავმოყრილი, გვერდით ბუდე საქანელებია დაკიდებული, დაბლა კი სავარძლები და მაგიდები დგას. ამ სივრცეში ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს და ყოველ დილას მარიამ ნადირაშვილი ზუსტად იმ თანმიმდევრობით ალაგებს ყველაფერს, როგორც წინა ან იმის წინა დღეს.

მარიამ ნადირაშვილმა ჰამაკების მცირე ბიზნესი ოჯახთან ერთად 2006 წელს წამოიწყო, თავიდან სხვისგან ყიდულობდა და იმას ყიდდა. შემდეგ გადაწყვიტა ჰამაკების დამზადება თავად ესწავლა და მას შემდეგ მხოლოდ საკუთარ ნამუშევრებს ჰყიდის.

“დიდი ოჯახი გვაქვს და დამატებითი შემოსავლის მიზნით, 16 წლის წინ დავიწყე ჰამაკების გაყიდვა. ჯერ სხვისგან ვიღებდი და ვყიდდი, შემდეგ დამაინტერესდა და შევისწავლე ჰამაკის ქსოვის ტექნიკა. პირველად სახლისთვის მოვქსოვე, შემდეგ უკვე საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა დავიწყე”, – ამბობს მარიამ ნადირაშვილი.

მარიამი პერიოდულად დადის ბაზრობაზე, სადაც ჰამაკის დასამზადებელ სპეციალურ ჯოხებს, ქსოვილებს და ძაფებს ყიდულობს. ამბობს, რომ ინტერნეტშიც ნახულობს ქსოვის სხვადასხვა ტექნიკებს და იქიდან სწავლობს.

“მე ძირითადად მომხმარებლის ინტერესს ვითვალისწინებ, ზოგს ძაფით დაწნული ჰამაკი მოსწონს, ზოგს ქსოვილთან ერთად. ახლა მოთხოვნა უფრო ჩასაჯდომ ჰამაკებზეა, ბუდე საქანელას რომ ვეძახით. ამას წყლის მილებით ვაკეთებ, ერთმანეთზე ვაბამ მილებს და ამ მილებზე ზემოდან ვწნავ საქანელას. ხშირად ყოფილა, მოვქსოვე, დავასრულე და რომ ჩავჯდები არ მომწონს, არ არის კომფორტული, შემდეგ ისევ ვშლი და იქამდე არ ვეშვები, ვიდრე მე არ მომეწონება”, – გვიყვება მარიამი.

მარიამი გვიყვება, რომ ჰამაკზე და საქანელაზე მუშაობა ბევრ დროს მოითხოვს და საკმაოდ შრომატევადია, თუმცა როგორც ის ამბობს ყველაფერმა შეჩვევა და სიყვარული იცის, ამიტომ მასაც უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს.

“მოქსოვა ისეთი რთული არ არის როგორც აწყობა, ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინო, რომ ნამუშევარი კომფორტული და გამძლე იყოს. ჩემს ნამუშევრებს ქართული ორნამენტებით ვაფორმებ, მაგალითად წელს ქსოვილები შევიძინე, რომელზეც გამოსახულია ქართული ანბანი. ასეთი დეტალები ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ. ყიდულობენ და მიაქვთ საკუთარ ქვეყანაში. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმით საკუთარი ქვეყნის, და კუთხის პოპულარიზაციას ვახდენ”, – ამბობს ის.

დატოვეთ კომენტარი