ადამიანები ისტორიები

ქველმოქმედება არ ისწავლება – ლევან გამრეკელის ისტორია

“ყველაფერს ჩემი ქალაქის და რეგიონის სიყვარული მაკეთებინებს”, – ასე იწყებს საუბარს ლევან გამრეკელი, რომელსაც ხაშურში თითქმის ყველა იცნობს. ის ამჟამად ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, მაგრამ წლების წინ საკუთარი სახელი ადგილობრივებს ქველმოქმედებით დაამახსოვრა.

განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდების კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას აქცევს, რადგან თვლის, რომ ახალგაზრდებს საშუალება უნდა მიეცეთ საკუთარი ცოდნის და ნიჭის გამოვლენის.

ბავშვობა არც მას ჰქონია დალხენილი, ამბობს რომ შრომას პატარა ასაკიდან შეეჩვია.

“ჩეულებრივი ბავშვობა მქონდა, არც გაჭირვებული და არც დალხენილი, როგორც ყველა ოჯახს, ჩვენც გვიჭირდა. მამას ყანაში დავყვებოდი ხოლმე სათოხნად. თვეები ყოფილა პური არ გვქონდა და ჭადი გვიჭამია. პატარა ასაკიდან მივეჩვიე შრომას, ხან ხის ყუთებს ვაწყობდი, ხან პრესების გადატანაზე ვმუშაობდი, მაშინ კოლმეურნეობა იყო და იმათ ვეხმარებოდი. 62 მანეთი იყო ჩემი პირველი ხელფასი, 13 -14 წლის ვიყავი მაშინ”, – იხსენებს გამრეკელი.

სკოლა ოსიაურში დაამთავრა, სწავლა კი თბილისში გააგრძელა. ჯერ ბიზნეს სამართალმცოდნეობა დაამთავრა, შემდეგ საბანკო სექტორის აკადემიური ხარისხიც მოიპოვა, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია.

“ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ვმუშაობდი. რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესის კეთებას, საწყის ეტაპზე ჯართის მიმღები პუნქტი მქონდა, ვიბარებდი და შემდეგ ვყიდდი. ახლა ფერმერი ვარ, ცხვარი გვყავს, 2000 მდე სული, საქონელი, მიწები, რომელსაც ვამუშავებთ, რა თქმა უნდა დამხმარეებიც გვყავას, ამ ეტაპზე 77 ადმიანი მყავს დასაქმებული. ტექნიკას ვაქირავებ და ასე ვცხოვრობ”, – ამბობს ლევანი.

ამბობს, რომ ქველმოქმედება არ ისწავლება და ფიქრობს, რომ ადამიანს სიკეთის გაკეთების სურვილი ან აქვს ან არა.

“ქველმოქმედება მიყვარს, შეიძლება ადამიანს ბევრი არ მისცე, მაგრამ გულით გაიღო, ამას ვერ სწავლობს ადამიანი. ოჯახებს რომ ვეხმარები არ მიყვარს მათთან შეხვედრა, ეს ემოციები მოქმედებს ჩემზე, ამიტომ მირჩევნია არ მიცნობდნენ და ისე ვაკეთო სიკეთე. არასდროს ვაკეთებ რაიმე საქმეს, იმიტომ რომ ეს ხალხმა დამიფასოს, ეს მე მსიამოვნებს. იმედგადაწურულ ადამიანს რომ ჰგონია, მისი დამხმარე არავინაა და მე მათ ვეხმარები ეს მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას”, – ამბობს ის.

ლევან გამრეკელმა ხაშურში უფასო სასადილოს დაარსებასაც დაუჭირა მხარი. სწორედ მისი დაფინანსებით დაარსდა სასდილო, რომლითაც ამჟამად 35 ადამიანი სარგებლობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.