ადამიანები ისტორიები

ბერუაშვილების ფალავნობის ტრადიცია 

შიდა ქართლს არაერთი წარმატებული სპორტსმენი ჰყოლია, განსაკუთრებით ჭიდაობაში. რომლებმაც მედლები, სახელი და დიდება მოუტანეს მთელ ქვეყანას. ასეთი გამორჩეული გვარია ბერუაშვილების, რომლებიც სოფელ ფციდან არიან და აგრძელებენ ფალავნობის ტრადიციას.


დურმიშხან ბერუაშვილი, მოჭიდავე, რომელიც სოფელ ფცაში დაიბადა 1935 წელს, 50–იანი წლების შუახანებიდან 60–იანი წლების შუამდე ასპარეზობდა ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. შეიძლება ითქვას, რომ პირველი დიდი ფალავანია საგვარეულოში, თუმცა პაპიდან მოყოლებული ის, მამა და ძმები, ყველა ჭიდაობდა.

მისი ტალანტი თავის დროზე შეამნჩნია ცნობილმა მწვრთნელმა გურამ პაპიტაშვილმა და თბილისიდან, სადაც იმხანად ვარჯიშობდა, გორში ჩამოიყვანა.

მეგობრები და სპორტის გულშემატკივრები ყვებიან, რომ დურმიშხან ბერუაშვილს ერთნაირად შეეძლო წარმატებული ყოფილიყო ჭიდაობის ნებისმიერ სახეობაში, იყო სხარტი და საზრიანი მოქმედებებით, მრავალფეროვანი ილეთებით გამოირჩეოდა.

ქართულ ჭიდაობაში ის მხოლოდ საქართველოს ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ მას მეტი სურდა.

ძიუდოში, კი, ვიდრე ბერუაშვილს სპორტსმენის კარიერა ჰქონდა, საკავშირო თუ საქართველოს ჩემპიონატები არ ტარდებოდა. ევროპის ჩემპიონატებზეც მხოლოდ 1962 წლიდან ჩაერთო. ფაქტობრივად, უცხო, ახალშემოსულ სახეობაში ძალიან მცირე დრო ჰქონდა დურმიშხანს ტიტულის მოსაპოვებლად. თუმცა 1962 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრების ბრინჯაოს მედალი მაინც აიღო.

მოსაწრო და გახდა ევროპის, საბჭოთა კავშირის, საქართველოს და უმაღლესი სასწავლებლების მრავალგზის ჩემპიონი.

ის 1978 წელს, ძალიან ახალგაზრდა, 43 წლი ასაკში ავარიით გარდაიცვალა და არ დასცალდა ბოლომდე გახარჯულიყო.

გარდაცვალებიდან მეორე წელს, გორში, მისმა მეგობრებმა, საფუძველი ჩაუყარეს მისი ხსოვნის მემორიალურ ტურნირს ძიუდოში ჭაბუკთა შორის და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.

დურმიშხან ბერუაშვილის ხსოვნის მემორიალი ქართულ ჭიდაობაში მის მშობლიურ სოფელ ფცაში, მისი ძმის, სიმონ ბერუაშვილის მიერ აგებულ საჭიდაო არენაზე ყოველ წელს ტარდება.

აღსანიშნავია, რომ მისი შთამომავლები აგრძელებენ ფალავნის გზას.

შვილი, გუჯა ბერუაშვილი იყო დურმიშხანის ოჯახიდან პირველი, ვინც მამის კვალზე წავიდა. მას ბევრი შეჯიბრება აქვს მოგებული და საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც იყო.

დურმიშხან ბერუაშვილი
უმცროსი

დურმიშხან ბერუაშვილი უმცროსი, გუჯას შვილიც, წარმატებული მოჭიდავე აღმოჩნდა, მან  იასპარეზა ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოში, მოგებული აქვს არაერთი შეჯიბრება, თუმცა სპორტული კარიერა ადრე დაასრულა.

ფცაში, აგვისტოს თვეში, ტარდება ხოლმე დურმიშხან და ზვიად ბერუაშვილების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

ზვიად ბერუაშვილი, ასევე მოჭიდავე სოფელ ფციდან, დურმიშხანის ნათესავი, მისი დიდი გზის გამგრძელებელი აღმოჩნდა, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მალხაზ ბერუაშვილი

ამ გზას აგრძელებენ უფროსი დურმიშხანის ძმისშვილებიც – მალხაზ და გელა ბერუაშვილები.

მალხაზ ბერუაშვილი არის სამბოში სსრკ ჩემპიონი (1990) და სსრკ ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1987, 1989); ძიუდოში სსრკ ჩემპიონატსა (1984) და ხალხთა VIII სპარტაკიადაში გამარჯვებული (1983); საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1979, 1982, 1984, 1987, 1989); საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დურმიშხანი ამბობდა თურმე, მალხაზი გამორჩეული ნიჭისაა და დიდ წარმატებას მიაღწევსო  და გაამართლა კიდეც ბიძის ეს ნათქვამი.

მალხაზის ძმა, გელა არის საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონი სამბოში, ქართველი ფალავანი. ამჟამად მესამე ვადით ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

გელა ბერუაშვილი

ცნობისთვის, დურმიშხან ბერუაშვილის  სახელი მიენიჭა გორის ერთ-ერთ ქუჩას. ამ ყველაფერზე სიამაყით გვიყვებიან მისი შთამომავლები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.