ბლოგები

მადლობა გმირების დედებს, ასეთი ვაჟკაცების გაზრდისთვის – აგვისტოს ომის უცნობი ისტორია

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსები 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაინგრა. კორპუსის ერთ-ერთი მკვიდრი, გულნარა მამისთვალოვა იხსენებს ყველაფერს, რაც აგვისტოს ომის დროს მოხდა.


სიტუაცია დაძაბული იყო, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, პირდაპირ ხალხში თუ ჩამოაგდებნენ ბომბებს. პირველი ბომბი სატანკო ბაზაზე ჩამოვარდა, ჩვენი დასახლებიდან სულ რაღაც ორას მეტრში და ვერ აღგიწერთ ამ აფეთქების ტალღამ რამხელა მასშტაბის დამანგრეველი ეფექტი გამოიწვია. არც ერთ სახლს ფანჯრები მთელი აღარ დარჩა. აფეთქების ძალამ ჩვენი სახლის რკინის კარი კედელში ჩაჭედა და ჩაგვეკეტა. ფანჯრიდან რომ გადმოვიხედე, დაბლა სრული ქაოსი იყო. მე და ჩემმა მეუღლემ ძლივს გავაღეთ სახლის კარი და ნელა, ფეხაკრეფით დაბლა, ეზოში ჩამოვედით. მეორე ბომბი პირდაპირ ჩვენს სახლს მოხვდა და სწორედ ამ დროს დაიჭრა თირკმელში ჩემი მეუღლე. რომ გავიხედე, ახალგაზრდა ბიჭი, ჩვენი მეზობელი ანდრო ლიკლიკაძე უკვე მკვდარი ეგდო ძირს და შუაზე იყო გადაჭრილი. ზურგზე მოვიკიდე ჩემი მეუღლე, რომელსაც სისხლი მდინარესავით მოსდიოდა თირკმლიდან და ისე გავიყვანე გზაზე, იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს გაეჩერებინა მანქანა ჩვენთვის. ჰოსპიტალში რომ მივედით, იქ ყველაზე შემზარავი სურათი დაგვხვდა. ჰოსპიტალის წინ სავსე კოკა-კოლის სატვირთო მანქანა იდგა მკვდარი და დაჭრილი ადამიანებით. ჩემს ქმარს სისხლდენა კი შეუჩერეს, მაგრამ გვითხრეს, აქ ვერ გადარჩება და აუცილებლად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდებაო. მომაკვდავი კაცი ისევ მანქანაში ჩავსვით და თბილისში წავედით. იგოეთთან ბენზინი გაგვითავდა, მაგრამ ღვთის წყალობით ერთმა კეთილმა ადამიანმა ზუსტად 5 ლიტრი ბენზინი მოგვცა, თბილისამდე გეყოფათო, გვითხრა.

ცალკე დაჭრილ კაცს ვდარდობდი, ცალკე დანგრეულ სახლს, ფაქტობრივად უგონოდ ვიყავი, ვერ ვიგებდი რა უნდა გამეკეთებინა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმკურნალეს ჩემს ქმარს, მაგრამ იმხელა სტრესი მაინც ვერ გადაიტანა, დაავადმყოფდა, სიმსივნე გაუჩნდა და გარდაიცვალა.

გორში საშინელება ტრიალებდა, მაგრამ რომ არა ის ახალგაზრდა ბიჭები, გმირულად რომ შესწრიეს ქვეყანას თავი და პირდაპირი გაგებით, ზედ შეაკვდნენ მტერს, ახლა უარესი შედეგი იქნებოდა და შეიძლება აქ ვეღარც დავბრუნებულიყავით. მათი ხსენება არასდროს უნდა მოგვიშალოს ღმერთმა და მადლობა მათ დედებს ასეთი ვაჟკაცების გაზრდისთვის.

ძალიან მიმძიმს ამ ყველაფრის გახსენება და ამ ქუჩაზე, ამ უბანში ყოველდღე სიარული, რადგან სულ მახსენდება ხოლმე რამდენი ადამიანი დაიღუპა, ვერ ვივიწყებ, რამდენი გვამი ეგდო ძირს და მუდამ ვლოცულობ, აღარასოდეს განმეორდეს იგივე ჩვენ თავს. 

დატოვეთ კომენტარი