ახალი ამბები

გორში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება 

გორში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება, – ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. 

მოსახლეობა ამბობს, რომ წყალმომარაგების აღდგენის შემდეგ, ზოგიერთ ქუჩაზე სასმელი წყალი მცირე რაოდენობით მოდის. 

“წყალი მოწანწკარებს წმინდაწყალზე. გამაცხელებელი არ ინთება საერთოდ. პატარა ჭურჭლის ავსებას მთელი საათი უნდება. ვინმე აგვიხსნის რა ხდება?”. 

“შარტავაზეც ეგრეა. მეორე დღეა დავიტანჯეთ”. 

“იაკობ ჯუღაშვილზეც იგივე მდგომარეობაა. იქნებ, ვისაც ევალება მიხედოს”, – წერენ მოქალაქეები. 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების შიდა ქართლის ფილიალში ამბობენ, რომ საკმარისი რაოდენობით წყლის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება. 

“მთელი დღით რომ იყო შეწყვეტილი და მერე აღდგა, გარკვეული დრო სჭირდება სისტემის შევსებას, რათა შესაბამისი წნევით წამოვიდეს წყალი. როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, დღეს საღამოდან გაუმჯობესდება მიწოდება და მოსახლოებას პრობლემა აღარ ექნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ისედაც გაზრდილია სასმელი წყლის მოხმარება”, – გვითხრა კონსტანტინე თავზარაშვილმა, შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელმა. 

ინფორმაციისთვის, 2 აგვისტოს გორის მოსახლოებას სასმელი წყლის მიწოდება მთელი დღით შეუწყდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებნენ, რომ ამის მიზეზი გეგმიური სამუშაოები იყო. 

დატოვეთ კომენტარი