ადამიანები ისტორიები

ბავშვობის გაჭირვება და ახალგაზრდობის ქველმოქმედება – ბესო გოგაშვილის ამბავი

ესო გოგაშვილს გორში თითქმის ყველა იცნობს. ის ერთ წელზე მეტია ქველმოქმედებას ეწევა და შეჭირვებულ ოჯახებს მეგობრებთან ერთად პროდუქტით, თანხით და ხშირ შემთხვევაში, საოჯახო ტექნიკითაც ეხმარება.

გაჭირვება და ხელმოკლე ცხოვრება მისთვის უცხო არ არის. როგორც თავად გვიყვება, ზუსტად ასეთ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მისი ოჯახი დიდი ლიახვის ხეობიდანაა დევნილი – 2008 წელის ომი შემდეგ, მშობლიური სოფელი დატოვეს და გორში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.

“ბავშვობაში ბევრი რამ მაკლდა. გავიზარდე გაჭირვებაში. ყოველთვის მქონდა ნატვრა, როცა გავიზრდებოდი, ღმერთს იმის საშუალება მოეცა, რომ ბავშვები რომლებიც ჩემნაირად იზრდებიან, მათ დავხმარებოდი და გვერდში ამოვდგომოდი. ოცნება ამიხდა”, – ამბობს ბესო

ბესო წლების განმავლობში ძალოვან უწყებაში მუშაობდა. შემდეგ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. გვიყვება, რომ არასოდეს არანაირ საქმეს არ თაკილობდა, მისთვის მთავარი იყო “საკუთარი შრომით მოეპოვებინა ლუკმა-პური”.

“ჩემი ბიზნესი მაქვს, ხშირად მუშის მოვალეობასაც ვასრულებ ხოლმე, ასე გავიზარდე, შრომა მიყვარს”, – ამბობს ის.

ბესო პირველად გორში მცხოვრებ ოჯახს, საკუთარი სახსრებით დაეხმარა. ამის აღმნიშვნელი ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა და მას მერე დაიწყო მისი საქველმოქმედო საქმიანობაც.

“ჩემს უბანში ძალიან გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობდა,. ახალი წლის დღე თენდებოდა. ვიფიქრე, რომ ამ დღესასწაულზე ყველა ადამიანი, ყველა ბავშვი იმსახურებდა, რომ ტკბილეულით და სადღესასწაულო პროდუქტებით შეხვედროდა, ამიტომ ვიყიდე საახლწლო ნობათი და მათთან ავედი, “, – იხსენებს ბესო.

საქველმოქმედო კამპანიას ბესოს მეგობრებიც შეუერთდნენ, ახალგაზრდები თვითონ იძიებენ ინფორმაციას გაჭირვებული ოჯახების შესახებ. ოჯახების დახმარებას არა მხოლოდ გორში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალქებში და სოფლებშიც ახერხებენ. ქველოქმედებაში მათ მოქალაქეები და ემიგრანტებიც ეხხმარებიან.

“ამ საქმეში ჩემი მეგობრები, სოსო და ნოდარი მეხმარებიან. მათაც იგივე ისტორია აქვთ, იციან გაჭირვების ფასი. ერთხელ ვთქვი, რომ ვეხმარებოდი ხალხს, სოსომ და ნოდარმაც თქვეს, რომ გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდნენ და გადავწყვიტეთ ერთად გაგვეკეთებინა ეს საქმე. ერთად უკვე 100 – ზე მეტ ოჯახს დავეხმარეთ”, – აბობს ბესო

ამბობს, რომ შეჭირვებულ ოჯახებში განსაკურებით ბავშვების ნახვა ასევდიანებს, რადგან საკუთარი თავი ახსენდება. ამიტომ უფრო მეტად მათ საჭიროებებს ითვალისწინებს და თავის შესაძლებლობების ფარგლებში, მათ გახარებას ცდილობს.

“მახსოვს, როდესაც ზუგდიდში ჩავედით, ერთ-ერთი ოჯახის დასახმარებლად და ის სახლი ვნახე, სადაც ცხოვრობდნენ ვთქვი, რომ ეს სახლი არ იქნება, აქ ვერ იცხოვრებენ. შენობას არ ჰქონდა კარი, ფანჯარა, ქარი და წვიმა შემოდოდა, კიბეზე ფეხის დადგმას ვერ ვახერხებდი, რომ არ ჩამტვრეულიყო. რა თქმა უნდა, მიჭირს ამ ყველაფრის ნახვა და ვცდილობ ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო”, – გვიყვება ბესო.

საქველმოქმედო საქმიანობას ბესო მეგობრებთან ერთად მომავალშიც გააგრძელებს. აქტივობაში ჩართვა და ოჯახების დახმარება მათთან ერთად ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.