ადამიანები ისტორიები

15 ცნობილი ადამიანი, ვინც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში დაიბადა – II ნაწილი

“მოზაიკა” გთავაზობთ მოკლე ინფორმაციებს იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, ვინც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში დაიბადნენ. 

ამავე თემაზე: 15 ცნობილი ადამიანი, ვინც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში დაიბადა – II ნაწილი


ალექსი მაჭავარიანი

კომპოზიტორს შექმნილი აქვს საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, ორატორია, ბალეტები, ოპერები, რომანსები, პიესები, მუსიკა კინოფილმებისა და თეატრალური სპექტაკლებისათვის და სხვა. აღსანიშნავია, რომ მაჭავარიანი დაჯილდოვბული იყო სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით, იტალიის ხელოვნების გალერეის, ”ბრაიდენზის” ოქროს მედლით ”ოტელოს” მუსიკისათვის, პიკასოს სახელობის პრემიით ”ვეფხისტყაოსნის” დადგმისათვის. გარდა საკომპოზიციო მოღვაწეობისა, მაჭავარიანი დიდ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი სწორედ მის სახელს ატარებს. 

ფერდინარდ თავაძე

იყო ინჟინერ-მეტალურგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და პროფესორი. ლენინგრადში სწავლის შემდეფ, თავაძე  მუშაობდა კიროვის სახელობის ქარხანაში ინჟინერ-მკვლევარის თანამდებობაზე. 1937 წლიდან მან საქმიანობა თბილისში გააგრძელა და მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის მეტალურგიულ ლაბორატორიაში დაიწყო. 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტს. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. თავაძის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად შემდეგი მიმართულებებით ვითარდებოდა: შენადნობის თეორია, ფოლადები და შენადნობები, სამსხმელო წარმოება, მეტალურგიის ისტორია

დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი იყო პუბლიცისტი, ლიტერატორი და მთარგმნელი. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაშიც. ასევე იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „ქართული დრამატული საზოგადოების“ ერთ-ერთი დამაარსებელი. დიმიტრი ყიფიანი ფლობდა რამდენიმე უცხოურ ენას და იცნობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურას. 1841 წელს მან შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ თარგმნა, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა. შემდგომში მან რუსულად თარგმნა გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“. დიმიტრი ყიფიანი 1887 წელს სტავროპოლში გადაასახლეს და ღამით მძინარე მოკლეს. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს.

ერეკლე ტატიშვილი

ერეკლე ტატიშვილი იყო ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დასავლური ენებისა და ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთი პიონერი საქართველოში. ტატიშვილმა გერმანულიდან თარგმნა ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. აგრეთვე თარგმნილი ჰქონია ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობა“. ტატიშვილის რეპრესიების მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა – ის დააპატიმრეს ანარქისტული მოღვაწეობის გამო. მოუწია ემიგრაციაში წასვლაც, თუმცა რეპრესიები არც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეწყვეტილა. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1935 წელს დააარსა უნივერსიტეტში უცხო ენათა კათედრა და იყო მისი პირველი გამგე, თუმცა მას საერთაშორისო სამართლისა და საზღვარგარეთის ისტორიის კურსი ჩამოართვეს და 1941 წელს, ისევ დააპატიმრეს.  გათავისუფლების შემდეგ კვლავ უნივერსიტეტს დაუბრუნდა და უცხო ენების სწავლების გარდა ხელი მოჰკიდა აღმოსავლეთის დიპლომატიის ისტორიის კურსს ახლად დაარსებულ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა დიდხანს აღარ უცოცხლია. თითქმის ერთ წელში ტატიშვილი  გარდაიცვალა.

ანა (ოლა) სოლოღაშვილი

ანა 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო. 1919 წელს ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, სოციალ-დემოკრატების სიით. ანა საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი იყო. ანამ 1918 წელს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც საქართველო გახდა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ის ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში ჩაება. 1925 წლიდან კი პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო. 1937 წელს, შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ ანა დააპატიმრა. ამავე წლის 27 ნოემბერს, საქართველოს ე.წ. „ტროიკამ“ ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა – მიუსაჯა. 

ვანო მურადელი

ვანო მურადელი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე. 1929–1932 წლებში მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში. მუსიკალურად გააფორმა მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „მზის დაბნელება საქართველოში“. 1932–1934 წლებში მუშაობდა საესტრადო განხრით ვასო მურადელთან ერთად. შემდეგ პერიოდში, იყო საკავშირო მუსფონდის თავმჯდომარე, სსრ კავშირის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ცენტრალური ანსამბლის ხელმძღვანელი, კომპოზიტორთა კავშირის მოსკოვის ორგანიზაციის თავმჯდომარე, რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი და საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. მურადელის ძირითადი ნაწარმოებებია: „ოთხი ქართული სიმღერა“ და „ქართული სიმფონიური საცეკვაო“, „ექვსი რომანსი“, „გორული სიმღერები“. მისი „შემოქმედება მოიცავს ოპერებს, ოპერეტებს და მუსიკას სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.

გიორგი ტარსაიძე

გიორგი ტარსაიძე არის ევროპული ტიპის ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ფუძემდებელი. მას საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში. 1892 წელს გიორგი ტარსაიძის თაოსნობით თბილისში გაიხსნა თვალის სნეულებათა საქველმოქმედო საავადმყოფო, რომლის დირექტორიც თავად იყო გარდაცვალებამდე. გიორგი ტარსაიძის სახელს ატარებდა თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით შეიქმნა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“, სადაც 2018 წლის 11 ოქტომბერს, მხედველობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებელს ბიუსტი დაუდგეს.

ლუკა დადიანიძე

ლუკა დადიანიძე იყო ძლევამოსილების სიმბოლოდ ქსეული ალექსანდრე კანდელაკის მწვრთნელი. როგორც ცნობილია, დადიანიძემ და კანდელაკმა ერთმანეთი 1913 წელს გაიცნეს. ლუკამ სანდრო დიდუბეში „იტალიელების ბაღში“ პირველად „შავ ნიღაბს“ შეახვედრა. ამ შეხვედრაში კანდელაკმა იოლად შეძლო „შავი ნიღბის“ დამარცხება. 1915-1916 წლებში კი, სწორედ დადიანიძემ წაიყვანა ალექსანდრე კანდელაკი სპარსეთში, ოსმალეთსა და საფრანგეთში პირველ გასტროლებზე სხვებთან ერთად. ლუკა დადიანიძე იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველ მოჭიდავეთა გუნდი ევროპაში საჭიდაოდ წაიყვანა. ლუკა დადიანიძეს მხოლოდ ქართულ ჭიდაობიაში როდი მიუძღვის წვლილი. იგი აქტიურად მონაწილებდა 1924 წლის აჯანყებაში, რომლის შემდეგაც ის სხვა თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს.

ელისაბედ ჩერქეზიშვილი

1886 წელს ელისაბედი დრამატული თეატრის დასის წევრი გახდა. მის მიერ შესრულებულ როლებს მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავდა. განსაკუთრებული პოპულარობა კი სარა და ხანუმა („ხანუმა“), ელისაბედი („ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“), კატინა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ანა ანდრეევნა („რევიზორი“) შესრულებულმა როლებმა მოუტანა. ელისაბედ ჩერქეზიშვილი სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. სცენაზე მან 400-მდე როლი შეასრულა.

ალექსანდრე ჯავახიშვილი

ჯავახიშვილი საქართველოში გეოგრაფიული მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებელია. იყო საქართველოში უმაღლესი გეოგრაფიული განათლების ორგანიზატორი. მან კვლევა დაიწყო ქიმიაში, შემდგომ მუშაობდა ანთროპოლოგიაში. ალექსანდრე ჯავახიშვილს გამოქვეყნებული აქვს 400-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო, რომლებზეც აღიზარდა გეოგრაფთა არაერთი თაობა. დიდწილად მისი დამსახურებაა საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიული რუკების შედგენაც. 

ნატალია დონდაროვა

ნატალია იყო დრამატურგი, მწერალი და პუბლიცისტი. ახალგაზრდა ქალმა თავისი პირველი პიესა „ინჯილერი და დოხტური“ 1897 წელს დაწერა. სწორედ ამ პიესამ დაიმსახურა ილია ჭავჭავაძის დიდი მოწონება და ნატალიას შემოქმედებითმა კარიერამ აღმასვლა დაიწყო. ამას მოჰყვა სხვა პიესები და მოთხრობები, იგი აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან  „მოგზაური“, „ჩვენი ცხოვრება“, „მნათობი“ და სხვა. მისი რამდენიმე პიესა 1925 წელს კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში. გარდა პიესებისა, ნატალია წერდა მოთხრობებსა და პოლიტიკურ პუბლიკაციებს. თავის ნაშრომებს

ირაკლი გამრეკელი

1920 წლიდან აქტიურად ჩაერთო თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღო ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაში, გატაცებული იყო მოდერნიზმით. კოტე მარჯანიშვილმა გამოფენაზე ნახა გამრეკელის მიერ ილუსტრირებული ოსკარ უაილდის „სალომეა“ და რუსთაველის თეატრში მიიწვია. მალე ამ თეატრის მთავარი მხატვარი გახდა და დიდი ღვაწლი შეიტანა ქართული თეატრის განვითარებაში.   განსაკუთრებით ნაყოფიერი და ნოვატორული გამოდგა სანდრო ახმეტელთან ურთიერთობა – ირაკლი გამრეკელმა გააფორმა აღიარებული სპექტაკლები: შექსპირის „ჰამლეტი“ და „ოტელო“, შანშიაშვილის „ანზორი“, რობაქიძის „ლამარა“, შილერის „ყაჩაღები“ და სხვა. ირაკლი გამრეკელს სიცოცხლის ბოლომდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა.

ალექსანდრე გარსევანიშვილი

ხუთი წლის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. 1892 წლიდან გადავიდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად. კარგი მუშაობის შედეგად იგი დააწინაურეს და ქუთაისის ქართული სკოლის გამგედ გადაიყვანეს. მისი ინიციატივით ჯერ თბილისისა და შემდეგ ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში დაიწყეს მუსიკის სწავლება. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი სამუშაოდ გადავიდა გორის პედაგოგიურ ტექნიკუმში. ავტორია რამდენიმე წიგნისა და რედაქტორობდა სხვადასხვა გამოცემას.

ნინო დავითაშვილი

ნინო დავითაშვილმა ქართულ თეატრში თავისი როლებით მნიშნვნელოვანი წვლილი შეიტანა. ის იყო მსახიობი და სახალხო არტისტი, რომელმაც პირველი ნაბიჯები ავჭალის აუდიტორიაში გადადგა. შემდეგ ქუთაისის თეატრში მოღვაწეობდა, იყო თბილისის ქართული დრამატული დასის წევრიც, 1921 წლიდან კი სამი ათეული წლის მანძილზე შოთა რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. ნინო დავითაშვილს შესრულებული აქვს არაერთი დასამახსოვრებელი როლი, მისი პირველი როლი იმხანად ქართულ პროფესიულ დასის ხელმძვანელმა აკაკი წერეთელმა მისცა, „ტურფა კახში“. შემდეგ იყო სონია („ძია ვანო“), გაიანე („ღალატი“), ოფელია („ჰამლეტი“), დედოფალი („რუი ბლაზი“), ქეთევანი („სამშობლო“), ივდითი („ურიელ აკოსტა“), ამალია („ყაჩაღები“), ირინე („ირინეს ბდნიერება“), ზაალის დედა („არსენა“), პრასკოვია („კიკვიძე“), ეფემია („ნიკოლოზ ბარათაშვილი“), ზიენაბი („ღალატი“) და სხვა. მსახიობი დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

ზურაბ ანტონოვი

ანტონოვი იყო ერისთავის თეატრის მსახიობი. აქედან დაიწყო პიესების წერა. მცირე ხნით თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობასაც იკავებდა. ჩვენამდე ანტონოვის შვიდმა პიესამ მოაღწია: „მე მინდა კნეინა გავხდე“ „განა ბიძიამ ცოლი შეირთო“, „მზის დაბნელება საქართველოში“, „ქმარი ხუთი ცოლისა“, „ქორწილი ხევსურთა“, „ქოროღლი“, „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“. ანტონოვი გიორგი ერისთავის რეალისტურ ტრადიციებს აგრძელებდა. მის შემოქმედებაში დრამატურგიის ერთგვარი დემოკრატიზაციის ტენდეცია შეიმჩნეოდა – მან თავად-აზნაურთა და ვაჭართა გვერდით სცენაზე გამოიყვანა გლეხობა, ქალაქის მოსახლეობის დაბალი ფენები — მეზურნეები, საზანდრები. მანვე, ქართულ ლიტერატურაში პირველმა აქცია ქალაქის ქუჩა მხატვრული ასახვის ობიექტად.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.