ანალიტიკა / გამოძიება

ხალხის ბრძოლა საძოვრებისთვის – არაშენდის ამბავი

საძოვრების წართმევა უნდათ – ამბობენ არაშენდაში მცხოვერბმები. ადგილობრივები დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და მიწის გასხვისება გააპროტესტეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოსახლეობამ საძოვრების გასხვისება გააპროტესტა. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და 30 ჰა მიწის ფართობის სოფლისთვის დაბრუნებას მოითხოვეს, რომლის შეძენაც ერთ-ერთ ფერმერს სურს.

“ყიდიან მიწას, რომელიც არასოდეს არ დამუშავებული და ოდითგან საძოვარი იყო. მაგას თუ გაყიდიან, ძროხები როგორ გამოვკვებოთ?!საძოვრების გარეშე დავრჩებით და მოგვიწევს გავყიდოთ პირუტყვი, რომელიც ჩვენთვის შემოსავლის წყაროა”, – თქვა ვალერი ოქროპირიძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებთან ის ფერმერი მივიდა, რომელიც მიწის ყიდვას აპირებს. გიორგი ბოჭორიშვილმა არაშენდელებს უთხრა, რომ ამ მიწაზე ნუშიც ბაღების გაშენებას გეგმავს.

“ეს მიწები იყიდება და მათ შესაძენად, ვმონაწილეობ აუქციონში. შემდეგ ვაპირებ ამ ბაღების დამუშავებას და იქ ნუშის ბაღების გაშენებას”, – უთხრა აქციის მონაწილეებს ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, ადგილობრივების პროტესტის ადრესატი ის კი არა, ხელისუფლებაა.

“წადით და ხელისუფლებას ედავეთ, მე რა შუაში ვარ?” – ამბობდა ფერმერი.

მოგვიანებით, ადგილობრივებთან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, მერაბ მელანაშვილიც მივიდა. მისი განმარტებით, ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა გორის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ახალდაბისა და არაშენდა 50 ჰექტარი მიწის ფართობზე.

“არის ორი ნაკვეთი, ერთი არის არაშენდაზე, ერთი ახალდაბაზე. შემოვიდა წერილი, ამ მიწების გასხვისება რომ მოხდეს. ახალდაბაში ჩატარდა კრება და მოსახლეობა დაეთანხმა, ხოლო არაშენდაში არ დაეთანხმა. არაშენდას მიწის ფართი შესაბამისად არ გასხვისდება. არაშენდასია 23 ჰექტარი, ახალდაბისაა 24 ჰექტარი”, – განმარტა მელანაშვილმა.

მის განმარტებას ადგილობრივები არ ეთანხმებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ტერიტორია, რომელიც ხელისუფლებამ ახლა ახალდაბას მიაკუთვნა, რეალურად არაშენდას ეკუთვნის.

“ეგრე უნდათ ყველაფრის გაყიდვა და ხალხის ულუკმოდ დატოვება. არსად გამიგია, გლეხს საძოვრის და ნაკვეთის გარეშე ტოვებდე. აგერ აქ ვართ და ვამბობთ, რომ მიწა გვჭირდება. მოგვცენ!”, – ამბობდა ნელი ბურნაძე.

აღსანიშნავია, რომ საძოვრების პრობლემა სხვა სოფლებში არსებობს – მიწების გასხვისების გამო, საპროტესტო აქციები ზეღდულეთსა და ციცაგიაანთკარში მოსახლეობამაც რამდენჯერმე გამართა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.