ახალი ამბები

„ქვეითთა გადასასვლელები არასწორად არის დახაზული” – გორის საკრებულო შსს-ს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა საგზაო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

სხდომას საკრებულოს დეპუტატები, მერის პირველი მოადგილე და გორის საპატრულო პოლიციის სამსახურის უფროსი გიორგი მესხი, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი ელდარ აბდალაძე ესწრებოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, კომისიაზე საუბარი იყო საგზაო უსაფრთხოების მოწესრიგებაზე, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების დამონტაჟებაზე, “ზებრა” გადასასვლელებზე და ქალაქის მასშტაბით კამერების განთავსებაზე.

“შეხვედრაზე ვისაუბრეთ საგზაო უსაფრთხების საკითხებზე, ე.წ ბუგაროკებზე, ვიმსჯელეთ, რომ დამონტაჟდეს ქალაქში კამერები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მსგავსი კამერები სხვადასხვა ადგილას აყენია, ზოგი შესაკეთებელია, ზოგიც უნდა დაემატოს. ასევე საკითხი შეეხო ქვეითთა გადასასვლელებს, ის რომ ქალაქში არასწორადაა დახაზული და ეს უნდა გამოსწორდეს”, ამბობს დავით რაზმაძე.

კომისიაზე დეპუტატები და პოლიციის თანამშრომლები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები კვლავაც გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.