სტატიები

როგორ და რატომ ბინძურდება გარემო სოფელ ქორდში?

ავტორი: სოფო ასკილაშვილი

“მდინარის სანაპიროზე უკვე იმდენი ნაგავი ყრია, რომ წყალშიც ხვდება”, – გვეუბნებიან ქორდში, სოფელში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

მოსახლეობა, ნაგვის ურნების დამატებას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, სოფელში ძალიან ცოტა ნაგვის ურნა დგას, რაც მოქალაქეებს იძულებულს ხდის, რომ ნარჩენები სტიქიურ ნაგავსაყრელებზე დაყარონ. ერთ-ერთი ასეთი ნაგავსაყრელი კი მდინარის სანაპიროზე გაჩნდა.

“ნაგვის ურნები საკმარისი არ არის, რის გამოც ხელოვნური ნაგავსაყრელი წარმოიქმნა მდინარის და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. არის ანტისანიტარია, ვწუხდებით  სუნით და დაბინძურებული ბუნებით. საჭიროა დამატებით ნაგვის ურნები“, – ამბობს ნარგიზ ლიხუტაშვილი

ადგილობრივები ამბობენ, რომ ურნების დამატების შემდეგ, დანაგვიანებული ტერიტორიების დასუფთავებაში თავადაც ჩაერთობიან.

“მესმის, რომ მოსახლეობამ არ უნდა დააბინძუროს სოფლის ტერიტორია, მაგრამ რადგან ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ, გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ. დაამატონ ურნები და დასუფთავდეს ტერიტორია, ამაში ადგილობრივებიც დავეხმარებით“, –  ამბობს მედეა მახათაძე

სოფელ ქორდში მერის წარმომადგენელი გიორგი ჯალაბაძე ამბობს, რომ აპირებს მერიას წერილით მიმართოს და ტერიტორიის დასუფთავება სთხოვოს.

ვაპირებ წერილი გავგზავნო მერიაში, რომ გამოგზავნონ შესაბამისი ტექნიკა მიმდებარე ტერტორისს დასასუფთავებლად“, – თქვა ჯალაბაძემ.

„მოზაიკა“ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელს გირგი ბარჯაძეს დაუკავშირდა და პრობლემის შესახებ ესაუბრა. ბარჯაძე ამბობს, მისი სამსახური საკითხს შეისწავლის და უახლოეს პერიოდში პრობლემას მოაგვარებს.

“საკითხს შევისწავლი, დანაგვიანებულ ტერიტორიას დავასუფთავებ და დავდგამ ურნას უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ბარჯაძემ.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი