სტატიები

ბრილი – სოფელი სკოლის, საბავშო ბაღის და ახალგაზრდების გარეშე

სკოლა გაუქმების პერპექტივით, საბავშვო ბაღი ოთხი კილომეტრის მოშორებით და ახალგაზრდები სოფლიდან წასვლის სურვილით – ასეთია სოფელ ბრილის მოკლე აღწერა.

ბრილი ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მოსახლეობისგან ნელ-ნელა იცლება. მათთვის, ვინც ჯერაც სოფელში რჩება, ეს პროცესი ბუნებრივია, – იმდენი პრობლემაა, აქ დარჩენა ვის ენდომება, – ამბობენ ადგილობრივები.

“მაღალი კლასის ბავშვები სოფელ ალში დადიან. ახლა ამბობენ, რომ ეს ექვსი კლასიც უნდა გააუქმონ, ბავშვების სიმცირის გამოო. მართალია, სულ 18 ბავშვი დადის სკოლაში, მაგრამ სკოლა რომ გაუქმდეს, პირველ კლასელმა ბავშვმა ოთხი კილომეტრი როგორ უნდა იაროს სოფელ ალიმდე? ასეთი პირობების გამო, სოფლიდან ახალგაზრდები გარბიან, მარტო დღესასწაულებზე ამოდიან სოფელში”, – გვიყვება ნელი ქართველიშვილი.

სკოლის მოსწავლეების გარდა, სოფელში ცხოვრება კომფორტული არც იმ ოჯახებისთვის არის, ვისაც პატარები ჰყავთ.

“სოფელ ალიმდე, სადაც საბავშო ბაღია, ოთხი კილომეტრია. დაგვინიშნეს ავტობუსი, რამდენიმე თვე იარა და მერე ისევ გაჩერდა. ახლა გვეუბნებიან, რომ ტენდერია გამოცხადებული და ისევ დაინიშნებაო. სოფელში 15-20 ბავშვია ბაღის ასაკის. კარგი იქნება, თუ აღნიშნული პრობლემა მოგვარდება”, – ამბობს მარი გოგალაძე.

ბრილის პრობლემების შესახებ იციან ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა მოგვარების გზებზე საუბარი უჭირთ.

“საბავშვო ბაღში ბავშვების ტრანსპორტირებისთვის ტენდერი გამოვაცხადეთ, თუმცა არ შედგა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო. სამწუხაროა, მაგრამ ამ ეტაპზე ამ პრობლემის გადაწყვეტა ვერ ხერხდება”, – გვითხრა ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო სუხიაშვილმა.

ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, იაგო ქიტიაშვილი ამბობს, რომ უახლოს პერიოდში დაიწყება სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ხოლო საბავშვო ბაღამდე მისასვლელი ტრანსპორტისთვის ხელახალი ტენდერი გამოცხადდება.

“ამჟამად, დაგეგმილია სოფლამდე მისასვლელი 5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. რაც შეეხება საბავშო ბაღამდე მისასვლელი ტრანსპორტის საკითხს, სამჯერ ჩავარდა ტენდერი და ახლა კიდევ უნდა გამოცხადდეს, იმედი გვაქვს, რომ მალე გადაწყებდა ეს პრობლემა”, – გვითხრა იაგო ქიტიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრილში სოფლის წყაროს სათავე ნაგეგებობის რეაბილიტაცია იგეგმება და რომ შესაბამისი სამუშაოები სწორედ ადგილობრივების აზრის გათვალისწინებით დაიგეგმა.

დატოვეთ კომენტარი