ადამიანები ისტორიები

ჩანთები და სამკაულები, რომლებზეც 2 შვილის დედა ღამით მუშაობს

“რაც მერთულებოდა, ახლა უკვე ძალიან მარტივად შემიძლია ავხსნა და სხვასაც ვასწავლო”, – ამბობს და ჩხირით თვლის ამოყვანს გვასწავლის, – “ჩანთა ჯერ დაფაზე იქსოვება ძაფით, შემდგე მაგრდება ელვა და სხვა აქსესუარები. 3-4 საათი უნდა ერთი ნივთის დამზადებას, შრომატევადია და დიდი დრო სჭირდება”.

ქარელში მცხოვრები მარი ხარატიშვილი ჩანთებს ქსოვს. მისთვის ეს საქმე შემოსავლის წყაროა. ამიტომ ოჯახური მდგომარეობის გამო, ხშირად მუშაობაში ღამესაც ათევს.

“ორი შვილი მყავს და ყოველთვის მაქვს დროის დეფიციტი, ამიტომ ძირითადად ღამე ვმუშაობ, ერთ ღამეში სამი ჩანთაც მომიქსოვია. უცხო ფორმის და ნახატის ჩანთები მაქვს, რომლის ძირითადი დამკვეთები ემიგრანტები არიან. ჩემი რამოდენიმე ნამუშევარი იტალიაშიც გავგზავნე”

ჩანთების გარდა, მარი სამკაულებსაც ამზადებს – საყურეებს, სამაჯურებს, გულსაბნევებს და სხვა აქსესუარებს ის ბუნებრივი ქვებისგან აწყობს.

“ბუნებრვი მინერალებისგან ვაკეთებ სამკაულებს. ნამუშევრის შემფასებლები ჩემი მეუღლე და შვილები არიან. ძალიან მოსწონთ, რასაც ვაკეთებ, განსაკუთრებით კი – სამკაულები”.

ხელნაკეთ ნივთებს მარი ძირითადად ინტერნეტის საშუალებით ყიდის, თუმცა უახლოს მომავალში სივრის მოწყობას ფიქრობს, სადაც სილამაზის სალონიც ექნება – მარი პროფესიით სტილისტია. 

“ადრე, სანამ დავოჯახდებოდი, მქონდა საკუთარი სალონი, მაგრამ პატარების გამო, აღარ მქონდა იქაურობაზე ზრუნვის დრო. ახლა კი ვფიქრობ, რომ დადგა დრო, ძველ საქმეს მივუბრუნდე და კიდევ უფრო განვავითარო ჩემი იდეები – მოვაწყო სივრცე, სადაც სალონიც მექნება და ჩემს ხელნაკეთ ნივთებსაც გამოვფენ. შრომა არ მეზარება და მგონია, ამას თავისი შედეგი ექნება”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.