ადამიანები ისტორიები

მასწავლებელი საოკუპაციო ხაზიდან, რომელიც ახალგაზრდებს ხელსაქმეს ასწავლის 

გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც უამრავი პრობლემის და მყიფე მშვიდობის მიუხედავად, სოფლის დატოვებაზე არ ფიქრობენ. მშობლიური მიწის მცველებად რჩებიან და იქაურობაზე ზრუნავენ. ერთ-ერთი ასეთი სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ნინო უმეკაშვილია – ქალი, რომელმაც ხელსაქმე 200-მდე ახალგაზრდას შეასწავლა და თანასოფლელ ქალებს, საკუთარ სამკერვალოში დასაქმებით, შემოსავლის წყარო გაუჩინა. 

სოფელ მეჯვრისხევში ნინოს ყველა იცნობს. მისი საქმიანობის შესახებაც ყველამ იცის – სოფლის შესასვლელში, ავარიული შენობის მეორე სართულზე, ნინოს პატარა სახელოსნო აქვს მოწყობილი. აქ ის ახალგაზრდებს ყველა იმ საქმეს ასწავლის, რომელიც ბავშვობაში მის სამომავლო საქმედ წარმოედგინა.   

“ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ მეხატა, მეძერწა, ქანდაკებები მეკეთებინა, მაგრამ ხელი შემეშალა, რადგან დავოჯახდი და ვეღარ დავამთავრე სასწავლებელი. მაგრამ მერე ტურისტული ბაზრობები რომ გაიხსნა და დაინტერესდნენ ქართული რეწვით, ვიფიქრე, რომ ჩემი რეალიზაცია გამეკეთებინა და ამიტომ შევქმენი ეს წრე, რომელიც გავუხსენი სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებ ბავშვებს”.

საკუთარი მოსწავლეების მიერ შექმნილ ნამუშევრებს ნინო საგულდაგულოდ ინახავს. ერთ თაროზე სრულად თექის ნაკეთობები ულაგია.

“აი, ნახეთ ეს ჩანთები ერთად გავაკეთეთ”, – გვეუბნება და ხელნაკეთ ნივთებს სათითაოდ გვაჩვენებს, – “ყველაფერს ვინახავ, რადგან თითოეული მათგანი მათთან მუშაობის პროცესს მახსენებს. მიხარია, რომ მათი სიყვარული დავიმსახურე”. 

ნინო უმეკაშვილმა ხელსაქმე გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 200-მდე ახალგაზრდას შეასწავლა. ამჟამად კი, 30 მოსწავლე ჰყავს. ნელ-ნელა მასთან ხელსაქმის სასწავლად მეზობელ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებიც მიდიან. 

“ვასწავლი ყველაფერს – ხეზე კვეთას, ბისერებით სამკაულების გაკეთებას, თექას, ჭრა-კერვას, დართვას, ხეზე ჭრას. ვცდილობ, რომ ჩემი აღზრდილი მოსწავლეები მერე დავასაქმო და სამკერვალოც ამიტომ გავხსენი”, – გვეუბნება ნინო და მეორე ოთახში მოწყობილი სამკერვალოს დათვალიერებას გვთავაზობს. 

ოთახში ოთხი საკერავი მანქანა დგას. იქვე მაგიდაზე ნაჭრები აწყვია კედელზე კი სხვადასხვა ფერის ძაფებია დამაგრებული.

“აქ ვასწავლი ჭრა-კერვას. აქეთ არის ბუფერული ზონა, უმუშევრობაა და ამიტომ გადავწყვიტე ეს ნაბიჯი გადამედგა და სამკერვალო გამეხსნა. სოფლის მოსახლეობისთვის ვკერავთ კაბებს, ჩოხებს – ყველაფერს, რაც სჭირდებათ”.

ნინოს მუშაობა არც პანდემიის პერიოდში შეუწყვიტავს. ის თანასოფლელებს პირბადეებს უფასოდ უკერავდა.

“პანდემია, რომ დაიწყო და პირბადეების დეფიციტი იყო, გადავწყვიტე, ამ ფორმით დავხმარებოდი ხალხს. მათ მოჰქონდათ ნაჭრები და მე ვუკერავდი პირბადეებს“.

ნინო ახლა სკოლის გახსნაზე ფიქრობს, თუმცა ამბობს, რომ ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, რადგან ხშირად, მოსწავლეებისთვის ძაფების, მატყლის და მძივების შეძენაც საკუთარი ფინანსებით უწევს. 

“ახლა ძალიან ბევრ რამეს ვერ ვაკეთებთ, ვერ ვმუშაობთ, იმიტომ რომ მატყლი არ არის, ბისერები ძვირია, ბავშვებს უჭირთ… მე რაც შემიძლია, ვყიდულობ საღებავებია თუ მატყლია და ვეხმარები, ვისაც ვერ მოაქვს ეს მასალა. ყურადღება გვჭირდება, რადგან ეს შენობა არის ამორტიზებული. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, მერე უკვე შეიძლება სკოლაც კი გავხსნათ.”

მასალა მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Newtork-ის დახმარებით. ვიდეოებში წარმოდგენილ მოსაზრებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მედია-საშუალებას და იგი არ ასახავს, USAID-ის, შეერთებული შტატების მთავრობის ან Zinc Network-ის შეხედულებებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.