ადამიანები ისტორიები

მინდა ის ვაკეთო, რაც კარგად გამომდის, ეს მგონია პატიოსანი შრომა – ეკა ცერცვაძე ქარელიდან

ქარელში ცხოვრობს ქალი, რომელიც ახერხებს, ფიზიკური შრომის მიუხედავად, ახალ იდეებზე იფიქროს. საარსებო წყაროს მუდმივმა ძიებამ, ეკა ცერცვაძეს მივიწყებული ნიჭი და უნარები გაახსენა. 

“პირველად მამას მოვუქსოვე პულოვერი, ისეთი იყო, ქორწილშიც კი ეცვა”, – გვიყვება ეკა ცერცვაძე და ძველ გახუნებულ ფოტოს გვიჩვენებს, რომელზეც ფერების და ადამიანების გარჩევა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მისი თქმით, ეს კადრი იმ პირველ ნამუშევარს აღბეჭდავს, რომელიც სკოლის ასაკში შექმნა.

ეკა ცერცვაძე წარმოშობით ბორჯომიდანაა, მაგრამ ქარელში გათხოვდა და თუ ჰკთხავთ, სადაური ხარო, გეტყვის, ქარელელიო. ქსოვა პატარა ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა. მისი მამიდა და დედაც ქსოვდნენ.

“მახსოვს, დედასთვის ჟაკეტი მოვქსოვე. ვერავინ ხვდებოდა, რომ ხელით იყო და არა საქსოვი დაზგით. არ მახსოვს. მაშინ რამდენი წლის ვიყავი, ალბათ სკოლის მოსწავლე. სულ ვძიობდი ქსოვის “უზორებს” და რვეულში ვინიშნავდი. ახლა ისეთი დაფურცლილია, წლები ეტყობა ზედ”.

ეკა ბავშვობის მერე იშვიათად ქსოვს, რადგან ჰგონია, რომ ამ საქმით ფულის გამომუშავება რთულია.

“ძაფები ბავშვობაში უფრო მქონდა. როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავდი, კუთხეში მივჯდებოდი და ვქსოვდი. მამა მეტყოდა ხოლმე, დუსკა ბებო ხარ, უსაქმოდ არ ჩერდებიო”, – იხენებს ეკა, – “წლების შემდეგ ამ აღდგომებზე ავიღე საქსოვი ჩხირები, შევიძინე ძაფები და ისევ დავიწყე ოთახის დეკორაციების შექმნა – სოკოები, ჯეჯილი, სააღდგომო კვერცხი, მარწყვები და გვირილები. სამწუხაროდ, იშვიათად მეყიდება”

ქსოვის ნიჭის მიუხედავად, ეკამ ეს საქმე შემოსავლის წყაროს ვერ აქცია და ამ დრომდე, ფიზიკურად შრომობს. 

“ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი ნიჭი და უნარები ყოფილიყო ჩემი შემოსავლის წყარო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დალაგდა ჩემი ცხოვრება ასე. ამიტომ არაფერს არ ვთაკილობ – ხან მუშადაც ვმუშაობ. მეზობლებს ბაღში სჭირდებათ ხოლმე მიხმარება და იციან, რომ შეუძლიათ მითხრან”. 

რთული ცხოვრების გამო, ეკას პრაქტიკულად აღარ რჩება დრო ბავშვობის სხვა გატაცებებისთვის. არადა, როგორც თვითონ იხსენებს, ერთ დროს მშვენივრად ხატავდა. 

“ვხატავდი და თან იმდენად კარგად, რომ ერთ თვეში, მეორე კურსზე გადამიყვანეს, მაშინ ოთხ წლიანი მითხრეს, რომ მესამე კურსიდან აკადემიაში გამაგზავნიდნენ, მაგრამ ვერ წავედი. აღარც ნახატები მაქვს, რადგან რომ გავთხოვდი, ყურადღება ვეღარ მივაქციე”.

ნახატებთან ერთად, დაივიწყა ის სივრცეც, სადაც სალონი ჰქონდა გახსნილი და მოქალაქეებს პერმამენტული მაკიაჟის გაკეთებას სთავაზობდა. 

“სამი თვე ვიმუშავე, მაგრამ არ გაამართლა. ქირი ფულსაც ვერ ვიღებდა. ამიტომ იძულებული გავხდი, სალონი დამეკეტა”.

არაერთი წარუმატებლობის და მძიმე ყოველდღიურობის მიუხედავად, ეკას იმედი აქვს, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება – მის ნამუშევრებს საზოგადოება შეამჩნევს, მოიწონებს, იყიდის და ამით საყვარელი საქმით ფულის შოვნის შესაძლებლობას მისცემს. 

“ამბობენ, ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც მოწონსო, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება. გამიხარდება, თუ რეალობა ამ აზრს შემაცვლევინებს – მიყვარს ხელსაქმე. თუ ვინმეს ენდომება, ჩანთებსაც მოვუქსოვ. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვიზამ – ახლა ვცდილობ, თანხა შევაგროვო, ძაფები ვიყიდო, ახალი ნამუშევრები გავაკეთო და სოციალური ქსელით ვცადო მათი გაყიდვა. იმედი მაქვს, აქ მაინც გამიმართლებს”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.