ახალი ამბები

„ეჭვია, რომ გამოძიება სათანადოდ არ მიმდინარეობს”, – დირბში მოკლულის ოჯახის იურისტი

„გვიჩნდება ეჭვი, რომ გამოძიება სათანადოდ არ მიმდინარეობს”, – ამის შესახებ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მოკლული ახალგაზრდის ოჯახის იურისტი სოფო ქურთაული აცხადებს.

მისივე ცნობით, წინასასამართლო სხდომა 28 აპრილს 11:00 საათზე დაინიშნა. ამის შესახებ, გარდაცვლილის ოჯახს 50 წუთით ადრე შეატყობინეს.

“ოჯახს ეს ამბავი 50 წუთით ადრე შეატყობინეს, როდესაც ოჯახი ამ დროს რუსთავში იმყოფებოდა და ფიზიკურად პროცესზე დასწრებას ისინი ვერ შეძლებდნენ აქედან გამომდინარე, გვიჩნდება ეჭვები რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სათანადოდ. რას უკავშირდება ეს ყველაფერი ვარკვევთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის იურისტი.

იურისტის ცნობით, თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ კონფლიქტში 4 პირი მონაწილეობდა.

“ამ ეტაპზე კი მხოლოდ ერთი პიროვნება ა.ა არის დაკავებული, დანარჩენ სამ პირზე არანაირი ღონისძიება ამ დრომდე არ გატარებულა. ვფიქრობთ, რომ ეს შეგნებულად ხდება, თუმცა ამის გაცხადება დაზუსტებით შეგვეძლება როცა საქმის მასალებს გავეცნობით “, -განმარტავს ქურთაული.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ ქარელში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

დატოვეთ კომენტარი