ახალი ამბები

რატომ უჩივლა მაკრახიძის კომპანიამ გორის მერიას

გორის ყოფილი მაჟორიტარის კომპანიამ “იბოლია” მერიას სასამართლოში უჩივლა. “იბოლია” მერიისგან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაკავებული თანხის დაბრუნებას ითხოვს.

მერია განმარტავს, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობებში მითითებული 3-თვიანი ვადა დაარღვია, რის გამოც თანხის დაბრუნება არ მოხდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მერია კანონის შესაბამისად მოქმედებდა.

როგორც ცნობილია, გორის მერიასა და “იბოლიას” შორის 4 ხელშეკრულებაა გაფორმებული.

“ხელშეკრულებებში დევს პირობა, რომლის მიხედვითაც, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული მეორე ნახევრის 2.5%-ს დაბრუნება მოხდება ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუ შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ დეფექტების არ არსებობის შესახებ შემსყიდველისთვის წარდგენილი იქნა შესაბამისი აქტი, რომლითაც დადასტურდება დეფექტების არარსებობა” , – განმარტავს გორის მერია.

უწყების ცნობით, ერთწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, “იბოლიას” 3 თვის ვადაში უნდა მიემართა თანხის დაბრუნების მოთხოვნით მერიისთვის, თუმცა კომპანიამ ეს არ გააკეთა, შესაბამისად, მერიამ ვერ მოახერხა დაკავებული თანხის დაბრუნება.

“კომპანიამ დაარღვია მითითებული სამთვიანი ვადები, მერიამ ვერ უზრუნველყო თანხის ამ ნაწილის გადარიცხვა. მერიამ იმოქმედა ხელშეკრულების პირობის მიხედვით. შპს „იბოლია” ასაჩივრებს მასა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებულ ხელშეკრულებების პირობას სამთვიანი ვადის ნაწილში და ითხოვს დაკავებული თანხების გადარიცხვას” , – აცხადებენ მერიაში.

“იბოლიამ” მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის 2 თებერვალს შეიტანა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.