ბლოგები

City-Walk – საველე სწავლების მეთოდი

ავტორი: სუზი ბერიძე

ტექნოლოგიურად სწრაფად მზარდ სამყაროში ბავშვები ყველაზე კომფორტულად გრძნობენ თავს, ინფორმაციასაც ძალიან მარტივად იღებენ. ამ პირობებში საკმაოდ რთულია მათი დაინტერესება საგაკვეთილო პროცესით, თუმცა ეს მასწავლებლისთვის შეიძლება ერთგვარ მოტივაციად იქცეს სწავლების ინოვაციური მეთოდების უწყვეტი ძიება-განვითარებისთვის.

ერთ-ერთი ასეთი მეთოდია სწორედ City-Walk – ჩვენებურად რომ ვთქვათ, საველე სწავლება, საფეხმავლო ტური.

ეს საერთაშორისო პროექტი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის განახორციელა “სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა“ მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტთან პარტნიორობითა და გერმანული ფონდის EVZ – Remembrance, Responsibility, Future – მხარდაჭერით. პროექტში ქართველი და გერმანელი კოლეგები მონაწილეობდენენ.პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა . საინტერესო იყო გერმანულ-ქართული გამოცდილების გაზიარება, საერთო პრობლემების აღმოჩენა და იმის გაცნობიერება, რომ მასწავლებლობის ავ-კარგიანობა საერთაშორისო ყოფილა.

City-Walk -ის საგანმანათლებლო პროცესში დანერგვა და მისი, როგორც სწავლების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, საშუალებას მოგცემთ გააერთიანოთ მრავალი თემა, კომპლექსურად მიუდგეთ სასწავლო პროცესს, გახადოთ ის მრავალფეროვანი და რაც მთავრია, მომხიბვლელი ბავშვებისთვის. საგანმანათლებლო მიზნებით დაგეგმილ საფეხმავლო ტურზე მიღებული ინფორმაცია გაცილებით საინტერესო და შემეცნებითია მოსწავლეებისთვის, რადგანაც ისინი არიან მოქმედი პირები, თავად იკვლევენ და აღმოაჩენენ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ საგანს ასწავლით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი თემა მოარგოთ შემდეგ სამ ძირითად მიმართულებას:

  • Un-Read Stories – არწაკითხული ისტორიები
  • Un-heard People/Voices – არგაგონილი ადამიანები/ხმები
  • Un-seen Art and Un-Dreamed Utopia – არდანახული ხელოვნება და არნაოცნებარი უტოპია

როგორ დავიწყოთ?

დასაწყისისთვის მთავარია განსაზღვროთ რამდენიმე პრობლემა და მოსწავლეებთან ერთად აირჩიოთ სამუშაო თემა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს: ისტორიული, ისტორიულ-კულტურული თუ სხვა კვალის ჩვენება, სავაჭრო გზა ეკონომიკური მიმართულებით, ეკო-ტური, ბრუტალ-ტური (პოსტსაბჭოური ნიშნები), ურბან-ტური, ლიტარუტული პერსონაჟების ტური, ფილმების ტური და ა.შ.

ამის შემდეგ განსაზღვრეთ რაზე აკეთებთ აქცენტს – ადამიანებზე, ინსტიტუციაზე, რომელიმე ისტორიულ პერიოდზე, გეოგრაფიულ არეალზე თუ სხვა.

საკუთარი გამოცდილება

ჩემმა მოსწავლეებმა (ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მე-9 კლასი ) სამუშაო საკითხად ქალთა ემანსიპაცია აირჩიეს. ქალები, რომლებიც გამორჩეულები არიან ქალაქ გორის ისტორიაში და გარკვეული გავლენა მოახდინეს ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

თემის არჩევის შემდეგ. დადგა წინამოსამზადებელი პერიოდი, რაც გულისხმობდა, ჩვენს შემთხვევაში, მოსწავლეებისთვის მცირე ლექციას ემანსიპაციის საკითხებზე. დავალებად ჰქონდათ, მოეძიებინათ მე-19 საუკუნიდან დღემდე ქალები, ვინც ხილულად თუ უხილავად შეცვალა ისტორია, ასევე სიმბოლურად დაეკავშირებინათ პიროვნებები შენობებთან ან ქუჩებთან.

რას გირჩევთ?

  • კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს კვლევის მეთოდებს წინასწარ გააცნობთ, რათა იცოდნენ, როგორ ეძებონ ისტორიები თუ ადამიანები არქივში, ონლაინ თუ პირისპირ, როგორ გამოიყენონ კვლევისთვის პრესა, ზეპირი მეხსიერება (ახლობლების თუ სხვების) და საოჯახო არქივები.
  • ტურის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ, რომ მანძილი ობიექტიდან ობიექტამდე არ იყოს ძალიან დიდი. იყოს ადვილად დასაფარი ფეხით და სიჩუმეს დაუთმეთ ნაკლები დრო.
  • სასურველია ჯგუფი შედგებოდეს 12-15 მონაწილისგან.
  • შეგიძლიათ, შერჩეულ შენობებს წინასწარ მიანიჭოთ QR კოდი და ტურის დროს ბავშვებს აღმოაჩენინოთ ახალ-ახალი ისტორიები კოდების საშუალებით. (თუ როგორ შეიძლება QR კოდის შექმნა ამაზე სხვა ბლოგში მოგიყვებით).
  • სასურველია ასევე ტურის დროს გქონდეთ ვიზუალური მასალა – ეს შეიძლება იყოს არტეფაქტი (მაგ. ძველი აბრა), ამობეჭდილი ფოტო ან პლანშეტში ჩატვირთული ვიზუალური მასალა.
  • როგორც კი დააკავშირებთ ისტორიას ან პიროვნებებს შენობებთან და შეიმუშავებთ მარშრუტს ,Google Map- ის დროც დგება, მონაცემების გაციფრულებას მარტივად შეძლებთ ამ აპლიკაციის დახმარებით.
  • შეგიძლიათ ამობეჭდოთ მოსწავლეების მიერ შექმნილი რუკა ან ციფრული სახით ისარგებლოთ ტურის განმავლობაში.

და ისევ ჩვენი გამოცდილება

მეტი თვალსაჩინოებისთვის მოგიყვებით ჩვენი City-Walk-ის შესახებ, რომელიც ქალაქ გორში განვახორციელეთ.

შევარჩიეთ 6 ლოკაცია :

  • გორის ადმინისტრაციული შენობა – 1952 წელს აშენებული ტიპიური საბჭოთა არქიტექტურით, როგორც საბჭოთა რეჟიმთან ასოცირებული სიმბოლურად დავაკავშირეთ ანა სოლოღაშვილთან. ანა სოლოღაშვილი 1919 წელს ჩატარებული დამფუძნებელთა კრების არჩევნების მონაწილე და დამფუძნებელთა კრების წევრი იყო ,ასევე საბჭოთა რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი.
  • მომდევნო გაჩერება გორის „ცენტრალურ აფთიაქთან“ გვქონდა. აფთიაქს ძალიან გამორჩეული ისტორია აქვს. დამფუძნებელ ტრიფონ გამსახურდიას, ლეგენდარულ ადამიანს აფთიაქის წინ ძეგლიც დაუდგეს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ აფთიაქში ძალიან საინტერესო, უჩინარი ქალები მუშაოებენ თითქმის 50 წელია. (მათზე ვრცლად ცალკეც მოგახსენებთ.)
  • გორის დრამატული თეატრის შენობა მე-19 საუკუნის ლეგენდარულ მსახიობს ნატო გაბუნიას და გამორჩეულ მწერალს, საზოგადო მოღვაწეს ეკატერინე გაბაშვილს დავუკავშირეთ. ეკატერინეს სამსახიობო საქმიანობა ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო. ორივე მათგანი გორში დაიბადა.
  • სამეფოს ქუჩაზე ორი ლოკაცია შევარჩიეთ. ერთ-ერთი ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას უკავშირდება, მისი მოღვაწეობა სრულად ორიენტირებული იყო ქალთა უფლებებზე და საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერებაზე. სწორედ ის იყო ერთ-ერთი ქალი, ვინც საქართველოში პირველი ქალთა ორგანიზაცია „მანდილოსანი“ ჩამოაყალიბა. ქალთა საზოგადოება „მანდილოსანი“ გორში 1913 წელს სწორედ სამეფოს ქუჩაზე დაარსდა.
  • და რა თქმა უნდა გორის თანამედროვე ისტორია წარმოუდგენელია, მსოფლიო დონის პროფესიონალების, მსოფლიოში აღიარებული გორის სამუსიკო სასწავლებლის ქალთა კამერული გუნდის გარეშე. ჩვენი ბოლო ლოკაციაც მათ უკავშირდება სამეფოს ქუჩაზე.

ეს იყო მოკლედ გადმოცემული ჩვენი ამბავი, თუმცა ისტორიები გაცილებით საინტერესოა თითოეულ ლოკაციაზე. აქვე მადლობას გადავუხდი რადიო „მოზაიკას“ მოსწავლეებისთვის კვლევის პროცესში დახმარების გაწევისთვის და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.