ადამიანები ისტორიები

ომარ ლომსაძე გორიდან – 23 წლის ვეტერინარის წარმატების ისტორია

ომარ ლომსაძე 23 წლის არის, პროფესიით ვეტერინარია. იგი უკვე 6 წელზე მეტია თავისი პროფესიით მუშაობს. გორის N11 საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ვეტერინარიის მიმართულებით, შემდეგ კი, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ამავე მიმართულებით.

ომარის თქმით, პროფესიისადმი ინტერესი ცხოველების სიყვარულის დამსახურებაა.

“გარდა ცხოველების სიყვარულისა სტრატეგიული პროფესიაა ვეტერინარია, რადგან უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობასთან და საკვების წარმოებასთან. იქნება ეს პირველადი წარმოება თუ შემდგომი გადამუშავება.ვეტერინარ ექიმს ყველა რგოლში უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს. ბევრი სირთულის მიუხედავად, ეს სფერო მეტად საინტერესოა. ვერასოდეს იტყვი, რომ რაღაც საკმარის დონეზე გაქვს ნასწავლი, რადგან სულ განვითარების, ახალი აღმოჩენების და პრობლემების წინაშე დგახარ” , – ამბობს იგი.

როგორც თავად ამბობს, სამუშაო გამოცდილება უმაღლესი განათლების მიღებამდე მიიღო. ცდილობდა სამუშაო პროცესში ჩართულიყო და რაც შეიძლება მეტი ესწავლა. მისი თქმით, უკვე გამოცდილ ვეტერინარებს ეხმარებოდა ისეთი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებაში, როგორიცაა ვაქცინაცია, გართულებული მშობიარობა, ინფექციური თუ ინვაზიური დაავადებების მკურნალობა-პროფილაქტიკა და სხვა. მისი პირველი ოფიციალური სამსახური ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების სააგენტოში იყო.

“პირველ სამსახურში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. გარდა დაავადებებისა, გამიღრმავდა ცოდნა ცხოველებთან ურთიერთობაში. ვისწავლე ცხოველის ხასიათის ცნობა და სხვა. ამის შემდეგ იწყება რამდენიმეწლიანი სამსახური მსხვილ მეცხოველეობაში, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. ვმუშაობდი, როგორც მცირე საოჯახო მეურნეობებში ასევე საქართველოში არსებულ ყველაზე წარმატებულ ფერმერულ მეურნეობებში, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემს პროფესიულ განვითარებაზე რადგან იძულებული ხარ ამ საქმეში თავს იმაზე მეტი მოსთხოვო ვიდრე შეგიძლია”

ომარი რადიო “მოზაიკასთან” მის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოპერაციასაც იხსენებს, რომელიც მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს გაუკეთა.​

“ჰოლშტეინის ჯიშის ფურს ჰქონდა სეპტიკური ბურსიტი, რაც ამ ცხოველებში ძალიან რთული სამკურნალოა. მით უმეტეს, როცა ოპერაციული მეთოდით გიწევს ჩარევა თუმცა როგორც ახალგაზრდა და დამწყებმა გავრისკე და გავაკეთე ეს ოპერაცია. ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო, რადგან მანამდე მსგავსი ოპერაცია არ მქონდა გაკეთებული”

ომარს დღესდღეობით, აქვს ვეტერინარული კლინიკა – FORVET, სადაც აგრძელებს მის პროფესიულ საქმიანობას. ამბობს, რომ მსხვილ მეცხოველეობაში აქტიურად მაშინ ერთვება, როცა საქმე გადაუდებელ ოპერაციებს ეხება.

“ხშირად მიწევს საკეისრო კვეთის გაკეთება. ეს მეტად მნიშვნელოვანი ოპერაციაა, ვინაიდან გართულებული მშობიარობის გამო, მაღალია რისკი იმისა, რომ დედაც და შვილიც დაიღუპოს. შესაბამისად აღნიშნული ოპერაციით ვეხმარები ფერმერებს და გლეხებს იმაში, რომ მინიმალური დანაკარგები ჰქონდეთ. ასევე საინტერესო შემთხვევებია მეღორეობაში და ზოგადად მეღორეობის ფერმის მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესოა, რაშიც სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას”

სამსახურის პარალელურად, ახერხებს, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს. აქტიურ რეჟიმში ვარჯიშობს გორის ერთ-ერთ სპორტდარბაზში.

“მიუხედავად იმისა რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ვმუშაობ ყოველდღიურად და ჩართული ვარ სწავლის პროცესში, დღის ბოლოს მაინც გამოვნახავ ხოლმე დროს და ენერგიას განტვირთვისთვის. ვვარჯიშობ ფიტნეს დარბაზში. ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია, რა თქმა უნდა, თუმცა ჩემთვის უფრო მეტად ჰობია, რადგან სულიერად ვმშვიდდები”

ომარის სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, აპირებს დოქტორის ხარისხისთვის იბრძოლოს – პათოლოგიური ანატომიის კუთხით, რადგან თვლის, რომ ეს მეცნიერება იმდენ ქვე დარგს მოიცავს, რომ როდესაც მას სწავლობ სიღრმისეული საექიმო აზროვნება გიყალიბდება. 

“გარდა სწავლა-განათლებისა, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო მეტად მნიშვნელოვან და ქვეყნისთვის სტრატეგიულ სოფლის მეურნეობის დარგში, რომელსაც მეცხოველეობა ჰქვია. დიდი ხანია ამ სფეროში ვარ და ბევრი რამ ვისწავლე  ზოგი საკუთარ თავზე რაც გადამხდა და ზოგი სხვისი გამოცდილებიდან გამომდინარე. ვფიქრობ რომ ამ დარგში ბერი გვაქვს სამუშაო მთელ ქვეყანას და მინდა ჩემი ერთი აგური მეც დავდო ამ დარგის აღმშენებლობაში” , – ამბობს ომარი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.