სტატიები

სახელმწიფო აუდიტმა გორის მერიას ა(ა)იპ-ების მართვისთვის რეკომენდაციები გაუგზავნა

სახელმწიფო აუდიტმა გორის მუნიციპალიტეტის მერიას ა(ა)იპების ეფექტური მართვის რეკომენდაციები გაუგზავნა.

რა შეისწავლა აუდიტის სამსახურმა?

სახელმწიფო აუდიტმა საქართველოს მასშტაბით შეისწავლა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების დაფუძნების, მართვისა და კონტროლის პროცესი, გამოვლენილი შედეგების საფუძველზე კი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი გაუგზავნა, რომ მათ მიერ ჩატარებული აუდიტის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე განიხილონ.

“2014-2019 წლებში გაიზარდა ა(ა)იპ-ების რაოდენობა და დაფინანსების მოცულობა, რამაც შესაბამისად გაზარდა მათი როლი თვითმმართველობების საქმიანობაში. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების დაფუძნების, მართვისა და კონტროლის პროცესი” , – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2021 წლის ბოლოს გამოქვეყნდა.

რა აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა?

“იურიდიული პირების საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ხშირად ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში გვხდება საერთო პროფილის რამდენიმე ა(ა)იპ. მსგავსი სურათი განსაკუთრებით არის დამახასიათებელი კულტურის, განათლების, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის” , – ამბობს აუდიტის დასკვნა.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ სფეროში დასახულ მიზანს. ამდენად, ა(ა)იპ-ების დაფუძნება და მათზე დაფინანსების გაცემა ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისად გაანალიზებული.

რა რეკომენდაციები გასცა აუდიტის სამსახურმა?

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც აუდიტმა საკრებულოს გაუგზავნა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა შემდგომ მუშაობაში უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელს ჩატარებული მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა) იპების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშით მოცემული შემდეგი რეკომენდაციები:

  1. შეისწავლოს, ემყარება თუ არა ა(ა)იპ-ის შექმნა რეალურ საჭიროებებს და რამდენად არის ცალკე იურიდიული პირის დაფუძნება და ფუნქციონირება საუკეთესო ალტერნატივა მოსახლეობისთვის კონკრეტული სერვისების მისაწოდებლად;
  2. განიხილოს მსგავსი ფუნქციებისა და მიზნების მქონე იურიდიული პირების კონსოლიდაციის შესაძლებლობა;
  3. ა(ა)იპ-ების საქმიანობის დაგეგმვის და მართვის პროცესში იხელმძღვანელოს ხარჯეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე;
  4. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდება დაფუძნებული იურიდიული პირების რეორგანიზაცია, წინასწარ დაგეგმოს რეორგანიზაციის მიზნები/ამოცანები და უზრუნველყოს მათი შესრულება;
  5. შეისწავლოს დაფუძნებული იურიდიული პირების საკადრო პოლიტიკა, განახორციელოს ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი, შეაფასოს იდენტური ფუნქციების მქონე საშტატო ერთეულების არსებობის მიზანშეწონილობა და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია;
  6. შეისწავლოს იმ ა(ა)იპ-ების საქმიანობა, რომლებსაც არ აქვთ სათანადო მატერიალური რესურსები ფუნქციების განსახორციელებლად და გაატაროს სათანადო ღონისძიებები;
  7. განიხილოს ა(ა)იპ-ებზე გადაცემული არაპროფილური და ისეთი ქონების მართვის საკითხი, რომელსაც იურიდიული პირები არ იყენებენ და გამოუყენებელი ქონება დაიბრუნოს თავის ბალანსზე და მართვის საუკეთესო პრინციპებიდან გამომდინარე, გამოიყენოს ის მუნიციპალიტეტის მიზნების შესაბამისად;
  8. შეისწავლოს და შეაფასოს ინფრასტრუქტურულ-კომუნალურ სფეროში მუნიციპალური სერვისების განხორციელების სხვადასხვა ალტერნატივა (მომსახურების შესყიდვა, სუბსიდირება) და განსაზღვროს ოპტიმალური მიდგომა მომსახურების მისაღებად;
  9. ა(ა)იპ-ების საქმიანობაზე კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, იურიდიული პირებისთვის ზუსტად განისაზღვროს დასახული მიზნები და შესასრულებელი ამოცანები, რათა გაზომვადი კრიტერიუმებით იყოს შესაძლებელი ა(ა)იპ-ის საქმიანობის შეფასება.

აღნიშნული დოკუმენტი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის 23 დეკემბერს მიიღო, რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, საკრებულო აღნიშნულ საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.